მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” წევრი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს:
_ რეჟიმმა მიიღო კანონი, რომლითაც დაისჯები თუ “ოცნება” არალეგიტიმურად მიგაჩნია და ამაზე საჯაროდ და ხშირად ლაპარაკობ. მუხლს ქვია “ექსტრემიზმი”.
ავტორიტარიზმმა ამუშავა პროპაგანდა, დაიჭირა ათეულობით ადამიანი შეთითხნილი ბრალდებებით, ასობით ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააპატიმრა, ტროტუარზე დგომის გამო გვაჯარიმებს, ფბ პოსტის გამო დმი-ში გვიშვებს, გადაკეტა სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების ყველა გზა, ტიტუშკები გამოუშვა ქალაქში, რობოკოპების შემდეგ.
ამხელა რესურსის და ძალის გამოყენების მიუხედავად, ვერ მიაღწია ლეგიტიმურობის აღიარებას და ასეთი რამ მოიფიქრა: “თუ არ მაღიარებთ დაგიჭერთ.”
ძალაუფლების წყარო ხალხია. შეიძლება (დროებით) ხალხს მოერიო, დაიჭირო, გააქციო, გააჩუმოც კი, მაგრამ აღიარება ვერ მიიღო. რა წამს მომენტი მოვა, მაშინვე მოგთხოვს ხალხი მიტაცებული სახელმწიფოს უკან დაბრუნებას.
შეიძლება ძალა გქონდეს, მაგრამ ძალაუფლება არა – ესაა ლეგიტიმურობის ფორმირების საიდუმლო ინგრედიენტი, რასაც ავტორიტარული რეჟიმები არ ითვალისწინებენ.


















