ვახუშტი მენაბდე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი, ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური რეფორმები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან მესამე სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს რეფორმების აუცილებლობაზე, თუმცა, ვადამდელი არჩევნების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

“აღინიშნა, რომ უნდა დასრულდეს ეს კრიზისული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ბოლო 30 წელია, განუწყვეტელ დაპირისპირებას ქმნის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობაში, და შეუძლებელს ხდის თანამშრომლობას, და გადავიდეთ ახალ სისტემაზე, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა თანაბრად გადანაწილდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე.

ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, ეს არის პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკების თემა, ერთადერთი, რაც მე საია-ს სახელით ვთქვი, იყო ის, რომ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი, ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც მომავალში დაგვაზღვევს პოლარიზაციისგან. ესენია რეფორმები სასამართლო სისტემაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში, საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო კონტროლის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები”, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

შეგახსენებთ, მესამე სექტორის წარმომადგენლებს კრისტიან დანიელსონი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აუდიენციის შემდეგ შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიკელი: საუკეთესო, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ ივანიშვილმაც და სააკაშვილმაც უკან დაიხიონ
შემდეგი სტატიამე იმის მოლოდინი მაქვს, რომ ევროკავშირის ასეთი ჩართულობის შედეგად, ჩვენი პოლიტიკოსების ორივე მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს