ვახუშტი მენაბდე – ჩვენი რეკომენდაცია, საარჩევნო ადმინისტრაცია იმგვარად იყოს დაკომპლექტებული, რომ მასში ოპოზიციის გარანტირებული ჩართულობა უზრუნველყოს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფს თავიანთი მოსაზრებები გააცნეს. მისივე თქმით, პარლამენტისგან კანონპროექტის პირველადი ვერსია მიიღეს.

ამასთან, როგორც მენაბდე აცხადებს, მათი რეკომენდაცია, საარჩევნო ადმინისტრაცია იმგვარად იყოს დაკომპლექტებული, რომ მასში ოპოზიციის გარანტირებული ჩართულობა უზრუნველყოს.

„სამუშაო ჯგუფს გადავუგზავნეთ ჩვენი მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მივიღეთ პარლამენტისგან კანონპროექტის პირველადი ვერსია. მართალი გითხრათ, უფრო ამბიციურ პროექტს ველოდით. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციები ძალაში რჩება. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი დაკომპლექტება, რომელიც ოპოზიციის გარანტირებულ ჩართულობას უზრუნველყოფს – ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ვერ უნდა დაინიშნონ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, პროპორციული ასპექტის მეტად გაზრდა, ვიდრე ეს წარმოდგენილ პროექტში არის მოცემული. გარდა ამისა, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით დასაზუსტებელია მთელი რიგი საკითხები. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ რადიუსში ისეთი ადამიანები არ იყვნენ, ვისი იქ ყოფნაც იმ დროისთვის ნებადართული არ არის. საარჩევნო უბნის პერიმეტრზე გაურკვეველი ადამიანები არ უნდა იყვნენ არც აღრიცხვისთვის, არც მიტინგისთვის და არც სხვა რაიმე მიზნით. არსებობს რამდენიმე ტიპის ჯგუფი, ვისაც იყენებენ. ესენი არიან აქტივისტები, რომლებსაც აყენებენ უბნის ტერიტორიაზე როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ასევე არიან კოორდინატორები და სხვადასხვა ტიპის ავტორიტეტები – დაწყებული გავლენიანი ადამიანებით, კრიმინალთან ახლოს მყოფი პირებით დასრულებული“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ვირუსის ბლოკატორები