სამშენებლო მართვის კომპანია Nikolman-ის დამფუძნებელმა, ვახტანგ ნიკოლავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და სამშენებლო სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა. ბიზნესმენის განცხადებით, ფასების ზრდა პოზიტიური ეკონომიკური ინდიკატორია და ბინების გაიაფება გამორიცხულია.
„ფასების ზრდას ადამიანები აღიქვამენ ტრაგედიად, არადა ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია… ძვირი რომაა, ცუდი რატომაა? კარგია პირიქით. იაფი იყო 90-იან წლებში, მაშინ დავაბრუნოთ ეგ წლები, ავყაროთ პარკეტი და მოვხარშოთ ლობიო. ფასი ვეღარ ჩამოვა ქვევით, ეს გამორიცხულია და ღმერთმაც დაგვიფაროს. ძვირდება მიწა, მუშახელი, მასალებზე ფასები, კონკურენცია კი ხარისხზე მიდის“, — აღნიშნა ნიკოლავამ.
კომპანიის დამფუძნებელმა ქართულ სამშენებლო ბაზარზე არსებულ მენეჯმენტის პრობლემებსა და ციფრული მართვის ნაკლებობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სექტორში ვიწრო სპეციალისტების დეფიციტის აღმოფხვრა საერთაშორისო კადრების მოზიდვით ბევრად ეფექტურია, ვიდრე ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსის ლოდინი.
„რა საჭიროა, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაზარდოს?! ჩამოვიყვან გერმანელს, ფინელს… დავანერგვინებ და გავუშვებ უკან. კაპიკები ჯდება, საჭირო არ არის, რომ „გეპეიმ“ გაზარდოს. ის გაზრდილია უკვე. თუ ქართული საათის გაკეთება მოგვინდება, ჩამოვიყვანთ საათების ტექნოლოგს შვეიცარიიდან, რომელიც აქ დანერგავს თავის ტექნოლოგიას და მორჩა“, — განაცხადა ვახტანგ ნიკოლავამ.















