ვახტანგ მეგრელიშვილი: მიდის ბნელ ოთახში რაღაც თამაში

ძალიან ბევრი პარტიის ინტერესშია მოლაპარაკებების ჩაშლა, მაგალითად, იმ პარტიების, ვინც ვერ მიაღწია წარმატებას ამ არჩევნებში, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ შევა პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ნამდვილად პარლამენტი“.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ვახტანგ მეგრელიშვილი, ან რომელიმე მისი თანაგუნდელი პარლამენტში შესვლას, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, გადაიბიროს კონკრეტული პირები, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ ამის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო.

„აქ რომ მოვდიოდი, დაახლოებით 15 წუთის წინ, ჟურნალისტისგან გავიგე ამის შესახებ. ეჭვმიტანილები არიან გიორგი ვაშაძე, ელისაშვილი და „გირჩის“ სამი ლიდერი. ამდენი ხანია, მიმდინარეობს მოლაპარაკება და ჩვენ ფაქტობრივად, ვერ მოვახერხეთ, რომ ამ მოლაპარაკებაში ვინ რას უჭერს მხარს, ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი ეს ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას. მათ შორის, „გირჩმა“ თავის ამომრჩეველს, სხვებმა თავისას. მიდის ბნელ ოთახში რაღაც თამაში. ჩვენ გვინდა, რომ ახლა მივიღოთ უფლება და დავიწყოთ საუბარი იმ მოლაპარაკების დეტალებზე, რომელიც ხუთი-ექვსი საათი მიმდინარეობს, რაღაცაზე ის ხალხი ხომ საუბრობს. მე არ მაქვს უფლება, ჩავშალო რამე მოლაპარაკება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ჩემგან აქვს მოთხოვნა, ვუთხრა ისეთი ინფორმაცია, რომლის გაცემის უფლებაც მე არ მაქვს. ეს ნიშნავს, რომ იქ უნდა იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, გამარჯვებული ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს იქ. ანუ, „გირჩის“ მომავალი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეთანხმდება მთავარი ოპოზიციური პარტია და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული ამ შეთანხმებაზე. რიგგარეშე არჩევნები არასდროს ყოფილა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ამის შესახებ ყველამ იცის. ზუსტად მაგას ვსაუბრობთ, ეს მოლაპარაკება უნდა შედგეს მთელ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ჩვენი მოთხოვნები, რაც „გირჩს“ სპეციფიურად აქვს, ამის დაკმაყოფილებაში ვითხოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების დახმარებას.

გუშინ რასაც ტელევიზორში ვუყურებდი, ამას რეალობასთან კავშირი არ აქვს, ეს არის სრული კონცერტი. დღეს ვისაუბრებთ, ხომ არ აპირებს ვინმე ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები. ამიტომ მოვედი აქ დღეს. ძალიან ბევრი ემოციაა, რაც ზედმეტია, რაც მესმის მედიაში, ძალიან ბევრი პარტიის ინტერესშია მოლაპარაკებების ჩაშლა, მაგალითად, იმ პარტიების, ვინც ვერ მიაღწია წარმატებას ამ არჩევნებში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: საქართველოში არჩევნების იდეის გადარჩენისა და ქვეყნის მომავალში მძიმე ხიფათის აცილებისთვის, აუცილებელია მყარი პოზიციის დაკავება
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე: საერთო ოპოზიციური შეთანხმების გარეშე არავინ არსად შესვლას არ აპირებს, მათ შორის ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ყველა წარმომადგენელი