ვახტანგ მახარობლიშვილი – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ვისაუბრებთ, როგორც უსაფრთხოების თემებზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის და ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებით

ბოლო 4 წელიწადია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არ გამართულა, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ იკრიბებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები, უაღრესად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, სამიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, ლიდერებმა განიხილონ ყველა ის გამოწვევა, შესაძლებლობა თუ აქტუალური საკითხი, რომელიც არსებობს როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„მთელი დღის განმავლობაში იქნება დისკუსიები. ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც უსაფრთხოების თემებზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის და ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებით. პოლიტიკური დეკლარაცია მზადდება, დისკუსია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინები, როგორც დოკუმენტის პოლიტიკურ ნაწილში, ისე მის ეკონომიკურ განზომილებაში. იმედი გვაქვს, დოკუმენტი ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის და შესაბამისი ქვეყნების ევროპულ არჩევანსა და მისწრაფებებზე. ასევე, რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების თემებზე და ამ კონტექსტში ხაზგასმული იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაცია და ამ კუთხით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, დაფიქსირდეს სწრაფვა იმ დიდი მიზნისკენ, რაც ევროპულ შიდა ბაზარზე ინტეგრაციას გულისხმობს. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მთელი რიგი ხელშესახები შედეგების მიღება სამომავლოდ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ამ კონტექსტში მაგალითისთვის შეიძლება ვახსენოთ როუმინგის ტარიფების დაწევა“, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

წინა სტატიაშიანდრიუს კუბილიუსი
შემდეგი სტატიათბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, არსებული ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები დააკავეს