ვახტანგ ხმალაძეს მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე შენიშვნები აქვს

ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე შენიშვნები თავადაც აქვს, თუმცა დეპუტატი არასამთავრობოთა კრიტიკას არ იზიარებს.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეთა დაკითხვის იმ წესში, რომელიც 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, თუკი ცვლილებები არ შევა, კრიმინალური ვითარების გაუმჯობესებას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება.
“რასაც არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ თუ მხოლოდ საქმის არსებითი განხილვისას მოხდება მოწმეთა დაკითხვა თუ გამოკითხვა და თუ მოწმეს სასამართლო სხდომამდე ინფორმაციის მიწოდების არანაირი ვალდებულება არ ექნება, მაშინ მინდა დაგარწმუნოთ, რომ სისხლის სამართლის უამრავი დანაშაული გაუხსნელი დარჩება”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
დეპუტატი პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამაზე პროექტის საკომიტეტო განხილვისას ისაუბრებს.
პარლამენტს უკვე წარედგინა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებები, რომელიც გამოძიებისას, მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის საკითხებს არეგულირებს. პროექტის ავტორები არიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მათ მიერ წარმოდგენილი სქემა ასეთია: – მოწმის გამოკითხვა გამომძიებლის მხრიდან ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ თუ ის ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს და თუ გამომძიებელს, პროკურორს მიაჩნია, რომ მოწმე დანაშაულის გახსნისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, მაშინ პროკურორს უფლება ექნება სასამართლოს მიმართოს და სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში, მოწმე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს.
მოწმის დაკითხის ახალი წესი 2015 წლის 31 დეკემბრიდან შედის ძალაში.

banner
წინა სტატიაშირონალდუ, მესი, შარაპოვა და სხვები პარიზის ტერაქტის შესახებ ვიდეოში (ვიდეო)
შემდეგი სტატიადევიდ ლიდინგტონი: დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერად რჩება