ვახტანგ ხმალაძე: ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმის თქმისა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა

იმ ინფორმაციით რაც მაქვს მეც და საზოგადოებასაც, ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმის თქმისა,რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა“,-ამის შესახებ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა. “რესპუბლიკური პარტიის” წევრის განმარტებით, არსებული დარღვევები არჩევნების შედეგებში ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა.
„ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები რომ გითხრათ მომწონს, არ ვიქნები გულწრფელი, მაგრამ ასეთი შედეგები იყო მოსალოდნელი, თუმცა ვფიქრობდი, რომ ამის ალბათობა მაღალი არ იყო. “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” ცდილობდა წარმოეჩინა მდგომარეობა ისე, რომ მხოლოდ ეს ორი პოლიტიკური ძალაა, ვის შორისაც არის კონკურენცია და მეტი სხვა არ არსებობს, თან ისე, რომ ისინი იყვნენ ერთმანეთის მტრები,ანუ ორივე ცდილობდა საზოგადოების პოლარიზებას, აქ კი საკითხი იდგა ასე – მიიღებდა საზოგადოება ამ პოლიტიზირებას და ვერ დაინახავდა სხვას, თუ არ მიიღებდა ამას. ვფიქრობდი, რომ საზოგადოება შეძლებდა სხვა პოლიტიკური ძალის დანახვას, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. საზოგადოებრივი აზრი გაიყო ფაქტობრივად ორად და დარჩა მცირე ნაწილი საზოგადოებისა, ვინც სხვა სუბიექტს დაუჭირა მხარი”,-განაცხადა ხმალაძემ.
მან ასევე იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რასაც ხმალაძის აზრით პარლამენტში მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლეოსობით შესვლა შექმნის.
“ეს შედეგი იყო არასასურველი, თუმცა არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევედით პარლამენტში, არამედ იმიტომ, რომ უაღრესად სახიფათოა ქვეყნისთვის ერთი პოლიტიკური ძალის ხელში უმრავლესობის მოქცევა და მით უფრო თუ ეს უმრავლესობა იქცა საკონსტიტუციო უმრავლესობად. მთავარი საშიშროება გახლავთ ის, რომ ასეთ დროს უჩნდებათ განცდა, რომ “მე ვარ და ჩემი ნაბადი”.ამის მწარე მაგალითები გვაქვს ამ 26 წლიან პოლიტიკურ წარსულში”.-განმარტა ხმალაძემ.
ვახტანგ ხმალაძემ მედიასთან ის სავარაუდო მიზეზებიც განმარტა, რის გამოც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ამომრჩევლის მხარდაჭერა ვერ დაიმსახურა.
“მე მგონია,რომ ის, რა მხარდაჭერაც ჩვენ მივიღეთ, იყო იმ ნაწილის მხარდაჭერა, ვისაც ასე თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი,ხოლო გადაუწყვეტილი ნაწილის ხმები გაიყო “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის და ეს გადაუწყვეტელი ნაწილი იყო საკმაოდ დიდი.
“რესპუბლიკურმა პარტიამ” ალბათ სათანადოდ ვერ დაანახა საზოგადოებას ის, რაც სწორად მიგვაჩნდა, თუმცა ვცდილობდით ეს გაკვეკეთებინა, მაგრამ არის კიდევ ერთი ფსიქოლოგიური მომენტი ,როცა გესმის სმენის ორგანოთი, მაგრამ არ გესმის თავით. პრობლემა არის ასეთი, ერთი, რომ თვითონ ვერ მიაწოდე სათანადოდ და მეორე -ვერ გაიგო მან, ვისაც უთხარი…არის მესამე პრობლემაც, რას ამბობენ სხვები შენზე, “რესპუბლიკური პარტიის ” მიმართს სხვა პარტიების დამოკიდებულება იყო არაკეთილგანწყობილი, ამანაც დიდი როლი ითამაშა“,-განაცხადა ხმალაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შდეგების მიხედვით ამ დროისათვის „რესპუბლიკურ პარტიას ამომრჩეველთა 1,55%-მა დაუჭირა მხარი. პარტიაში განმარტავენ,რომ ლიდერები უახლოს მომავალში შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმას დასახავენ.

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლება და კრიმინალური სამყარო არჩევნების წინ გაერთიანდა”- “ენმ-ს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიაNDI: ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა