ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა, შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს

,,რესპუბლიკური პარტიიის” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, დღეისათვის არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თუ პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს გადაეცემა, შესაძლოა სახიფათო შედეგი დადგეს.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, თუ პრეზიდენტს მხოლოდ პარლამენტი აირჩევს, მაღალია რისკი, რომ ის ერთპარტიული იქნება. დეპუტატი არასწორ მსჯელობას უწოდებს იმ შეფასებებს, სადაც არჩევის წესსა და პრეზიდენტის უფლებების შელახვას ერთმანეთთან აიგივებენ.
ხმალაძე პრეზიდენტის არჩევის ალტერნატიულ მეთოდს განიხილავს:

„პრეზიდენტის არჩევის საკითხზე მსჯელობისას, უშვებენ არსებით შეცდომებს. არჩევის წესი მეორადია, პირველადი რეზიდენტის მოვალეობა და ფუნქციებია. სწორედ ფუნქციები განაპირობებს არჩევის წესს და არა პირიქით. პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ცალკე, კონსტიტუცია განსაზღვრავს. თქმა იმის, რომ არჩევის წესის შეცვლით, პრეზიდენტს ართმევენ მის უფლებებს ან ხდიან უფრო ძალაუფლების მქონეს, არასწორია. თქვენ თუ შეხედავთ საპარლამენტო რესპუბლიკებს, უდიდეს ნაწილში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, თუმცა არც პარლამენტის მიერ აირჩევა. სახელმწიფოთა ნაწილი პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტის, ხოლო ნაწილი ამრჩევთა კოლეგიის მიერ. ამრჩევთა კოლეგიაში შედიან, პარლამენტის წევრები და ქვეყნის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ არჩეული, ერთი იმდენი დელეგატი. პირდაპირი წესით არჩეულ პირს ხშირად უჩნდება გარკვეული ტიპის ამბიციები. ამან შესაძლოა შექმნას არც თუ სასურველი პოლიტიკური კრიზისი. ამიტომ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული არაპირდაპირი წესით, თუმცა არამხოლოდ პარლამენტის, არამედ ამრჩევთა კოლეგიის მიერ. თუ პარლამენტი ირჩევს, უნდა იყოს მაღალი კვორუმით არჩეული, რათა არ იყოს ერთპარტულად არჩეული. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ პრეზიდენტის პარლამეტის მიერ არჩევა, შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს,”- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშილიტვის სასამართლო 1991 წლის საქმეზე გორბაჩოვს დაკითხავს
შემდეგი სტატიაყირიმში პუტინის ძეგლისთვის ფულის შეგროვება დაიწყეს