11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ვახტანგ კაპანაძე: დიპლომატია ძალის გარეშე იგივეა, რაც ორკესტრი ინსტრუმენტების გარეშე — რეგიონში ყველაზე სუსტად გამოვიყურებით

გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ სოხუმის დაცემის 33 წლისთავზე, საოკუპაციო პოლიტიკასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ისაუბრა.

„მოვისმინეთ ხელისუფლებისგან, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, მაგრამ ერთადერთი ბოდიში ვისთვისაც გვაქვს მოსახდელი, აფხაზეთში დაღუპული ბიჭები არიან, რომლებიც აფხაზეთის მიწაში არიან და მათ საფლავებზეც კი ვერ ჩავდივართ… არ უნდა ვთქვათ, რა საშინელება ხდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ იქით მხარეს ეწყინება?“- განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, ეს არ ყოფილა ლოკალური კონფლიქტი, არამედ რუსეთის მიერ დაგეგმილი საომარი ოპერაცია, სადაც რუსული ოფიციალური ძალები, ჩრდილოკავკასიელები და კაზაკები მონაწილეობდნენ. მანვე აღნიშნა, რომ უკანდახევის გამო ბევრი ტრაგედია დაიფარა, თუმცა გაგრაში, ბიჭვინთასა და განთიადში რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულები ბუჩის ტრაგედიის ტოლფასი იყო.

„დღეს საოკუპაციო საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკა არ გვაქვს. ვერ ვხედავ ქმედით ნაბიჯებს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს.“

მისი თქმით, აფხაზებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურება დადებითი ნაბიჯია, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, თითქოს მათ ჰგონიათ, რომ ქართულ მხარეს დანაშაულის გამო მათი ვალი აქვს.
გენშტაბის ყოფილი უფროსის შეფასებით, სამხედრო შეიარაღებისა და თავდაცვის ბიუჯეტის ნაწილში საქართველო რეგიონში ყველაზე სუსტია და აზერბაიჯანსა და სომხეთს ჩამორჩება.
„იშვიათად მინახავს რომელიმე დიპლომატიური წარმატება, რომლის უკანაც ძალა არ იდგა… ბისმარკს აქვს ნათქვამი: “დიპლომატია ძალის გარეშე იგივეა, რაც სიმფონიური ორკესტრი, რომელიც უკრავს ინსტრუმენტების გარეშე”.“
„ენმ“-ის წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას (ტყვეების დახვრეტის შესახებ) კაპანაძემ „პოლიტიკური სიბრიყვე“ უწოდა: „მსგავსი რამ არც გამიგია და არც შევსწრებივარ. ამის გამო მას უნდა გადაეხადა დიდი პოლიტიკური ფასი.“

banner
წინა სტატიაშიბესო შენგელია: დღეს გვიწევს ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ რუსეთი მტერია
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პირველი პრესკონფერენცია გამართა