ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის ამ ეტაპზე აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ გეგმავს. აღნიშნული მან სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პროცესზე ჩვენების მიცემის შემდეგ განაცხადა.
გომელაურს მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. სასამართლოს შენობის დატოვებისას მან ჟურნალისტების მიერ დერეფანში დასმულ რამდენიმე კითხვას მოკლედ უპასუხა.
„ბევრი არაფერი მაქვს სალაპარაკო… არ განიხილება არანაირად ჩემი დაბრუნება ამ ეტაპზე… ამ ეტაპზე არ განიხილება და მომავალში…“ — აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რას ფიქრობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებსა და ბრალდებებზე, გომელაურმა უპასუხა, რომ ამ თემაზე კომენტარისგან თავს შეიკავებდა.
რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. ჩორჩანას საქმეს და სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აგების შესახებ ინფორმაციის ფლობას, ვახტანგ გომელაურმა მოკლედ მიუთითა:
„საიდან უნდა მცოდნოდა?“








