ვახტანგ გომელაური: მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის დასაცავად

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრის დასასრულს, დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა. ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამინისტროა, 43 ათასზე მეტი თანამშრომელი გვყავს უწყებაში. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის დასაცავად – დაწყებული საზღვრიდან, საიდანაც იწყება და მთავრდება ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა, შუაგულში, დედაქალაქში.

როგორც კრიმინალური პოლიცია და საპატრულო პოლიცია, ასევე, სამაშველო და სახანძრო სამსახურები ძალიან ბევრს აკეთებენ და ძალიან ბევრს შრომობენ “, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დასასრულს.

ვახტანგ გომელაურმა დასკვნით სიტყვაში კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პოლიციის თანამშრომლებს:

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მაღალი ტრიბუნიდან ჩვენს თანამშრომლებს, დაწყებული რიგითიდან, დამთავრებული ჩემი მოადგილეებით, ყველას“.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ უწყება გამართულად მუშაობდეს.

„ ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. არის კითხვები, ხანდახან კრიტიკულიც, არის – პასუხები. შევეცადე გულწრფელად მეპასუხა. რა თქმა უნდა, არის პატარა პრობლემები, რომელებზეც ვმუშაობთ.

100%-ით გამართული სამინისტრო, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მინიმალური ჩავარდნები იყოს მუშაობაში. ჩვენ ვისაუბრეთ მძიმე თემებზე, თუნდაც ბავშვების, მოზარდების თემაზე, არასრულწლოვნებზე, ოჯახში ძალადობაზე – რაც ნამდვილად უმძიმესი საკითხებია, რომ არ ჩავთვალოთ სხვა კრიმინალური დანაშაულები. მაქსიმალურად ვიმუშავებთ სხვა სამინისტროებთან ერთად, თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, რომ ასეთი მძიმე შემთხვევები უფრო ნაკლები მოხდეს და მაქსიმალურად დროულად დავიცვათ ჩვენი ბავშვები, ჩვენი დედები, ჩვენი მეგობრები და ყველა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიკრწანისი ვილა რეზიდენსის“ სამშენებლო პროექტს „დომუს ქონსთრაქშენი“ განახორციელებს-პროექტის მხარდამჭერია თიბისი
შემდეგი სტატიაგომელაური: ნიკანორ მელიას დაკავებისას შენობაში ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი, ვინც იქ დაგვხვდა