ვახტანგ გომელაური – გმირები არიან ჩვენი პოლიციელები

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაური მადლობას უხდის მოქალაქესა და სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის გადარჩენაში მიიღეს მონაწილეობა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმში დაჭრილი თანამშრომელი ოთარ თავართქილაძე დღეს ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველ მოადგილე კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად, კლინიკაში მოინახულა.

„რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენი პოლიციელის დაჭრა. მოულოდნელად მოქალაქემ მიაყენა ორი ძალიან მძიმე ჭრილობა. შემდეგ უკვე მეწყვილემ მოახერხა დამნაშავის ადგილზევე დაკავება. ასევე, ჩაერთო მოქალაქე, რომელიც მიეხმარა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ მოქალაქეს, რომელიც მიჰყვა საავადმყოფომდე და მადლობა დიდი ექიმებს, მედპერსონალს, ვინც ჩაერთო და გადაარჩინა ჩვენი პატრულ-ინსპექტორი. ჯანმრთელად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე გამოვა სამსახურში, ჩაერთვება ისევ მუშაობაში“, – განაცხადა შს მინისტრმა.

მისი თქმით, პოლიციელები ნამდვილი გმირები არიან და მათ ყველამ პატივი უნდა სცეს.

„მინდა, ხაზი გავუსვა ყველა პოლიციელს, პატრულის თანამშრომელი იქნება თუ კრიმინალური პოლიციის, ყოველ დღე უწევთ მათ გასვლა და ასეთ შემთხვევებზე შესწრება. სახლიდან რომ გამოდიან, არ იციან დაბრუნდებიან თუ არა. მინდა, რომ ყველამ პატივი ვცეთ ამ ადამიანებს. გმირები არიან ნამდვილად ჩვენი პოლიციელები,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი გაფრინდაშვილის პატიმრობაზე-ყველა ბერკეტი არის ამოქმედებული
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური-“ვუსამძიმრებ ლუკა სირაძის ოჯახს, ყველა ჩვენგანისთვისაც ეს არ არის, რაღაც რიგითი შემთხვევა – უმძიმესი შემთხვევაა”