ვახტანგ გომელაური – 2020 წელს ყველა მეხანძრე-მაშველს ხელფასი გაეზარდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამართულ პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. გომელაურის განცხადებით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბრძოლა ერთდროულად უწევდა სტიქიებთან, უბედურ შემთხვევებთან, ხანძრებთან და პანდემიასთან.

ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

„2020 წლის პირველი სექტემბრიდან მყვინთავების ხელფასი გაიზარდა 100%-ით. ხელფასი გაეზარდა ყველა მეხანძრე-მაშველს. გასულ წელს, სახანძრო-სამაშველო ძალების არსებობის ისტორიაში პირველად, დღიური კვების რაციონი განისაზღვრა და ცვლაში მყოფი მეხანძრე-მაშველების კვებას სამსახური უზრუნველყოფს.

უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში, 2021 წელს პირველად მოხდა მეხანძრე-მაშველთა EN (იენ) სტანდარტის სახანძრო ფორმების შესყიდვა, ასევე, შესყიდულია მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიური ფორმები. მიმდინარე წელს დაგეგმილია სამთო-სამაშველო აღჭურვილობის განახლება და მყვინთავი-მაშველებისთვის თანამედროვე, უახლესი სტანდარტის აღჭურვილობის შეძენა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურს ჯამში 1 270 000 დოლარის ღირებულების სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცემა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2020 წელს ახალი შენობები აშენდა ბორჯომში, ჩხოროწყუსა და ანაკლიაში. ახალი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მშენებლობა კი ხულოსა და კასპის მუნიციპალიტეტებშია დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიგომელაური: ქვეყნის მასშტაბით არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების მოწყობა გაგრძელდება
შემდეგი სტატიასამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებს სთავაზობს