ვახტანგ ძაბირაძე – დღევანდელი ოპოზიციის გავლენა ოპოზიციურ ელექტორატზე არც ისეთი მძლავრია

დღევანდელი ოპოზიცია და მათი ლიდერები ერთად დგანან, მაგრამ ვერ აერთიანებენ მთლიანად ოპოზიციურ ელექტორატს, დღევანდელი ოპოზიციის გავლენა ოპოზიციურ ელექტორატზე არც ისეთი მძლავრია“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ოპოზიციის მიერ გუშინ, საპროტესტო აქციაზე გაჟღერებული გეგმების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, ხელისუფლება კარვების გაშლას მშვიდად უნდა შეხვდეს.

“სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩვენ გარკვეული გამოცდილება გვაქვს ამ მხრივ. ეს არის იგივე პროცესი, რაც იყო 2008 წელს. მაშინდელმა ოპოზიციამაც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, სახალხოდ დახიეს მანდატები და დაიწყეს ქუჩის საპროტესტო აქციები.

უნდა ითქვას ერთი რამ, მაშინდელი ოპოზიციის გავლენა ოპოზიციურ ელექტორატზე გაცილებით მძლავრი იყო, ოპოზიციური ელექტორატი გაცილებით რადიკალურ იყო, ვიდრე ეს დღეს არის. დღევანდელი ოპოზიცია, მათი ლიდერები ერთად დგანან, მაგრამ ვერ აერთიანებენ მთლიანად ოპოზიციურ ელექტორატს.

ვნახეთ, კარვები 3 თვე იყო რუსთაველზე გაშლილი, არც მაშინ მოიტანა შედეგი, ვეჭვობ, ამ შედეგს მოიტანს დღეს. დღევანდელი ოპოზიციის გავლენა ოპოზიციურ ელექტორატზე არც ისეთი მძლავრია, როგორც მაშინ იყო. ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ეს გზა აირჩია, არ გაითვალისწინა უახლოესი წარსული.

შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის მიზანს მიაღწია. საშუალო პარტიები ფაქტობრივად მიიერთა ელექტორალური თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ამ პარტიების ელექტორატი ორ ნაწილად გაიყო. არამგონია რაღაც კატასტროფული იყოს, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, თუ ხელისუფლებამ არ დაუშვა ისეთივე შეცდომა, რაც დაუშვა მელიასთან მიმართებაში. თუ კარვების გაშლას შეხვდება ძალიან მშვიდად, როგორც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, არც არაფერი, რამდენი ხანიც იქნებიან, იქნებიან “,-აცხადებს ძაბირაძე.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, მმართველმა გუნდმა შეცდომა დაუშვა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხზე დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაცია არ გაირა.

“თავის დროზე, როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული უნდა გაეკეთებინათ ზონდირება საელჩოებთან, თუ როგორ იქნება ეს აღქმული. წინასწარ უნდა მოემზადებინათ ნიადაგი რასაც აპირებდნენ, ამის შემდეგ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არის საოცარი.

თითქოს თეორიულად ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანაში საკმაოდ დიდი გავლენის მქონეა ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ფაქტობრივად მათზე ვართ დამოკიდებული, ამ შეთხვევაში არ გაითვალისწინო მათი შეხედულებები და მიდგომები, ჩემი აზრით, არასწორია.

ეს არც ოპოზიციამ გაითვალისწინა, გახსოვთ, პირველი ნოემბრიდან ნიკა მელიას დაპატიმრებამდე იყო მოწოდება პარლამენტში შედით და იქიდან ეცადეთ საქმის მოგვარებას. შემდეგში არც ხელისუფლებამ გაითვალისწინა და ახლა იწყებენ იმის გაკეთებას, რაც პატიმრობაში აყვანამდე უნდა გაეკეთებინათ. ის განცხადება, რაც პროკურატურამ გააკეთა შიდა მოხმარებისთვის არაა, გარე მოხმარებისთვისაა. ამით პროკურატურა და ხელისუფლება დასავლეთს ეუბნება, არანაირი პოლიტიკა აქ არ არის. არის 40 ათასი ლარი, გადაიხდის? – გამოვა გარეთ, ამიტომაც არის ციხეში. ეს არის ქვეტექსტი და მიმართულია დასავლელ პარტნიორებზე “,-აცხადებს ძაბირაძე.

შეგახსენებთ, პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო – მიმდინარე კვირაში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია