ვახტანგ ჭარაია – ჰესების მოწინააღმდეგეებად ის პოლიტიკური ძალები მოგვევლინენ, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ჰესების პირველი მომხრეები იყვნენ

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია ენერგოდამოუკიდებლობა და ამიტომ ჰესების, მცირე, მწვანე ჰესების მშენებლობა, რომლებიც გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი თქმით,საქართველო რეალურად დამოუკიდებელი ვერასდროს იქნება, თუკი ჩვენ ენერგეტიკულად დამოუკიდებლები არ ვიქნებით.

„საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ენერგეტიკის დარგში კაპიტალი დააბანდონ. მეორე მხრივ, გვაქვს რეალობა, როდესაც ცალკეულ შემთხვევებში, კერძოდ, ჰესების მშენებლობის ნაწილში ინვესტორებს თავდაცვით რეჟიმში უწევთ ყოფნა, ეს ძალიან სამწუხაროა. კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა, რომ ეს ტენდენცია დიდწილად აბსურდულ არგუმენტებზეა დაფუძნებული და უკვე 5-მეგავატიანი ჰესის მშენებლობაც კი ლამის მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად აღიქმება. მახსოვს, როგორ აჯილდოვებდა წლის მეწარმის ჯილდოთი წინა ხელისუფლება იმ ადამიანს, რომელმაც დარიალი ჰესი ააშენა, დღეს იგივე ბიზნესმენს ლამის ერის მოღალატედ აცხადებენ. ჩემთვის მიუღებელია, პოლიტიკური ქულების დაწერის გამო, პრობლემა ექმნებოდეს ქვეყნის განვითარებისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ისეთ დარგს, როგორიცაა ენერგეტიკა. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბიზნესის უფლებები, რაც არ უნდა იყოს გაგებული, თითქოს ამით მოსახლეობის ინტერესები დაირღვევა. პირიქით, ენერგოუსაფრთხოება ნებისმიერი მოქალაქის ინტერესებშია, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილები, ფინანსური მდგრადობა, ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით და სხვ. თუ ეს ჰესები ასეთი საშიშია, თუნდაც გარემოს დაცვის თვალსაზრისით, მაშინ რატომ არის რომ ამ საკითხზე ყველაზე მეტად მზრუნავი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც კი აგრძელებენ ახალი მასშტაბური ჰესების მშენებლობას“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიშრი-ლანკას ტერაქტებთან დაკავშირებით 60-ზე მეტი ეჭვმიტანილია დაკავებული
შემდეგი სტატია,,ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული კონკრეტული დანაშაულისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი კომპტენეციის ფარგლებში დააკავა”