ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მას 6 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სანაიას თქმით, ჯარიმა მის მიერ დაწერილ ფეისბუქ-პოსტს უკავშირდება.
ტელეწამყვანი წერს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი პოლიტიკოსების, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ბოჟაძის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს შეეხებოდა.
„სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს ყ**ს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ, აბა, ეძახეთ“, — წერს ვახო სანაია.
სანაიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დანაყოფმა დაიწყო, რომელსაც საზოგადოებაში „სქროლვა-სქრინვის“ დეპარტამენტს უწოდებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მოჰყვება. მსგავსი ტიპის სამართლებრივი დავები, რომლებიც საჯარო პირების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას თუ შეურაცხყოფას უკავშირდება, საზოგადოებაში მწვავე განხილვის საგანია.

















