უზენაესმა სასამართლომ ლისის ტბის ჩამორთმევის საქმეზე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საჩივარი არსებითი განხილვისთვის მიიღო

უზენაესმა სასამართლომ ლისის ტბის ჩამორთმევის საქმეს პრეცედენტული დავის კვალიფიკაცია მიანიჭა და არსებითი განხილვისთვის დაუშვა, – ამის შესახებ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რამაზ ახვლედიანს წინა ხელისუფლებამ იძულებით ჩამოართვა ლისის ტბა, რომლის მფლობელიც მამუკა ხაზარაძე გახდა. უზენაესმა სასამართლომ კი, დასაშვებად ცნო ახვლედიანის ყველა მოთხოვნა, რომელიც ლისის ტბის საქმეს უკავშირდება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისთვის მიღებაზე 2018 წლის 27 დეკემბრით თარიღდება, მათ კი, ოფიციალური საფოსტო შეტყობინებით 2019 წლის 15 თებერვალს მიიღეს. განჩინებაში აღნიშნულია, რომ საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებებს, რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე არსებითი განხილვისთვის მიიღოს.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს მიდგომები ტოვებს მოლოდინს, რომ რამაზ ახვლედიანის მიმართ სამართლიანობის აღდგება და დაკარგულ ქონებას დაიბრუნებს.

banner
წინა სტატიაშიინტერნეტში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა
შემდეგი სტატიაისინი მიდიან კობახიძის ოპოზიციაში-რომან გოცირიძე ბესელიას და მისი თანამოაზრეების წასვლაზე