,,უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიის შედგენისას საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება გუნდურად მივიღეთ”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დასახელების შესახებ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება გარდაუვალი აუცილებლობიდან იყო გამომდინარე.

მისივე თქმით, დღეს უზენაეს სასამართლოში არის მხოლოდ 11 მოსამართლე, რის გამოც უმაღლეს ისტანციაში საქმეთა განხილვა შეფერხებულია.

მიქაუტაძის განმარტებით, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში გადავიდა და საბჭო ვალდებულია, პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირის გამო, ძალიან დიდი რაოდენობით გაჭიანურებული საქმეებია. ამიტომ არის მოქალაქეთა უკმაყოფილება, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში საჩივრების რაოდენობა იმატებს. ეს კი, მიანიშნებს, რომ მოსამართლეთა სიმცირის გამო, არ არის სამართალწარმოების პროცესი მოწოდების სიმაღლეზე“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება კანდიდატთა სიას, რომელიც დღეს გასაჯაროვდა და რომელშიც მოხვდნენ როგორც გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები , ისე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, თავად საბჭოს მდივანი და საბჭოს მოქმედი წევრი, მიქაუტაძის თქმით, სიის შედგენისას საბჭოს მოსამართლე წევრებმა კანდიდატთა გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით, გუნდურად მიიღეს გადაწყვეტილება.

„მოსამართლე წევრებმა გუნდურად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს არიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ნებისმიერ პირობებს”,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გაასაჯაროვა, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. კანდიდატების დასახელების ვადის გადაწევას ითხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლეწევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი შეფასებით, საბჭოს დღევანდელი სხდომა სასამართლოში კლანური მმართველობის შენარჩუნების მცდელობაა.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა 30-წლამდე განისაზღვრება
შემდეგი სტატია,,დავუჭერთ თუ არა მხარს მოსამართლეობის დასახელებულ კანდიდატურებს, გუნდის პოზიციას გავახმოვანებთ მსჯელობის შემდეგ”