უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 25 ნოემბერს დაიწყება

„პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხუთშაბათს, 25 ნოემბერს დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველ კანდიდატთან ინტერვიუ 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე კანდიდატთან – 16:00 საათზე,“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

იუსტიციის უმაღლესს საბჭოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ჰყავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი: გენადი მაკარიძე, ნინო სანოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის – კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება.

შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება“ მიეცემა 75 წუთი, ფრაქციას „რეფორმების ჯგუფი“ – 15 წუთი, ფრაქციას „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 31 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „გირჩი“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ჯამში – 33 წუთი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც, კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. არასაპარლამენტო სუბიექტებს თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, ჯამში, მიეცემათ 75 წუთი, ანუ თითო სუბიექტს – 15 წუთი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 26 ნოემბერს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი
შემდეგი სტატიაიოსელიანი – ვინმე პარლამენტში თუ დაბრუნდება, მხოლოდ მივესალმები