უზენაესი სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისთვის უზენაესი სასამართლოს მიერ 2007-2008 წლებში წვრთნების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასჯელის სახედ და ზომად კეზერაშვილს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა აღნიშნული სასჯელი, 2012 წლის 29 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

„საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის 2018 წლის 21 ივნისის საკასაციო საჩივრის საფუძელზე, გააუქმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისათვის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ ცნო.

დადგინდა, რომ 2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მისი მეგობრის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. მანვე, სიტყვიერად დაავალა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს, კომპანიის წარმოდგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება. აღნიშნული დავალება შესრულებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნების უხეში დარღვევით, კერძოდ, იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შეთავაზებული მომსახურეობის საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სათანადო დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად და საბანკო და სხვა სახის გარანტიების მოთხოვნის გარეშე, ასევე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის არარსებობის მიუხედავად, იმავე დღეს, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით, საიდანაც, თავდაცვის მინისტრის დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მხრიდან სანაცვლოდ შესასრულებული ვალდებულება – სამხედრო წვრთნების ჩატარება – საერთოდ არ განხორციელებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელი, 2012 წლის 29 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, რომელიც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში.
საზოგადოებას ასევე ვაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დანაშაულებრივად გაფლანგული, საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხული თანხების მოძიების, უკანონოდ დაუფლებული თანხების საბოლოო მესაკუთრეების დადგენისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური უზენაესმა სასამართლომ წვრთნების საქმეზე დავით კეზერაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – „ქართული ოცნების“ უარი მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის მხარდაჭერაზე, ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ ნებას, მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია გაიხსნა