,,უზენაესი სასამართლოს ეს შემადგენლობა არის ჩვენი საზოგადოების ღირსების შელახვის უხეში მცდელობა”

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ამ შემადგენლობით წარმოდგენა არის ჩვენი საზოგადოების ღირსების შელახვის უხეში მცდელობა”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ძნელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ მდივანს, მოსამართლე უწოდო, ვინაიდან მისი შეფასებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის რიგითი ინკვიზიტორი იყო.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ამ შემადგენლობით წარმოდგენა არის ჩვენი საზოგადოების ღირსების შელახვის უხეში მცდელობა, მათ შორის პირადად ჩემი და ჩემი მეგობრების, ვისაც სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა გიორგი მიქაუტაძემ (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი) 2012 წლის 20 აგვისტოს გამოგონილი ბრალდებით, მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით წაგვართვა თავისუფლება.

ძნელია ამ ადამიანს მოსამართლე უწოდო, ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის რიგითი ინკვიზიტორი, რომელმაც არ იკმარა უსაფუძვლო ბრალდებით 70 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება და ჩემი მეგობრის მიმართ, რომელმაც პროცესზე წარმოადგინა ქრონიკული დაავადების დამადასტურებელი დოკუმენტები, მიქაუტაძემ გამოიჩინა უსაზღვრო ცინიზმი და მას მხოლოდ ერთი დღით ნაკლები ანუ 69 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა…

სამართლის სადარაჯოზე ამ ადამიანების დატოვება დაუშვებელია, მათ არ იციან სამართლის აღსრულება, მათ კარგად იციან ადეიშვილის დავალებების შესრულება.

წითელი ხაზები თავად გადმოლახეს და კვლავ საფრთხის წინაშე დააყენეს ყველაზე ძვირფასი, რისთვისაც აქამდე გვიბრძოლია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღესაც პრინციპულად და ღირსეულად იცავს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის ხვალინდელ დღეს.

P.S. მიქაუტაძის “აქტივშია” ქართუ ჯგუფის 80 მილიონი ლარით დაჯარიმება, ასევე ქართული ოცნების შემომწირველების მილიონობით ლარის ოდენობით დაჯარიმების უპრეცედენტო გადაწყვეტილება“, – წერს შაქარიშვილი

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე – სასამართლო სისტემაში ჩემი როლი არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მაქვს დიდი ავტორიტეტი
შემდეგი სტატია,,გულწრფელად გეტყვით, არასდროს მქონია კარგი ურთიერთობა თეა წულუკიანთან, მიზეზი არ ვიცი”