,,უზარმაზარი პატივი იყო, ვყოფილიყავი თქვენი თანამებრძოლი და იმ შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი”

საქართველოს შეიარაღებული და სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება გასული წლიდან ტრადიციული გახდა და მიზნად ისახავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ. პრეზიდენტმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიწვეულ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა.

“მოგესალმებით, ჩემო ძალიან პატივსაცემო და საყვარელო ადამიანებო! როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ, მე გგულისხმობთ თქვენ – შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას და ამავე დროს, იმ ადამიანებს, ვინც თქვენ გამაგრებთ ამ თქვენს გმირულ სამსახურში – თქვენი ოჯახის წევრებს. თქვენ ხართ ამ ქვეყნის სიამაყე! სიამაყე, რომელიც არ მოსულა იოლად, არ მოსულა უსისხლოდ, არ მოსულა მხოლოდ ლიტონი სიტყვებით, არ მოსულა სიმწრის გარეშე. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სამსახური სამშობლოს მიუძღვნეს, რომელსაც სამწუხაროდ, არ ჰყავს სუსტი მტერი და მტრები. სამშობლოს, რომელსაც ძალიან ძლიერი სახელმწიფო უპირისპირდებოდა და უპირისპირდება, ამ დროს შეიარაღებულ ძალებში სამსახური ნიშნავს, რომ თქვენ ბოლომდე მიუძღვენით თქვენი ფიქრი, ენერგია, მოღვაწეობა უზენაესს, რაც ჩვენს წინაპრებს, ჩვენს თაობას და მომავალს აერთიანებს – ეს არის ჩვენი საქართველო, ჩვენი მამული.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ამ მშვენიერი ქვეყნის პრეზიდენტი, მიუხედავად იმ მრავალი სირთულისა და გაჭირვების, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე, უზარმაზარი პატივი იყო ვყოფილიყავი თქვენი თანამებრძოლი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; იმ შეიარაღებული ძალებისა, რომელიც ასახელებს ჩემს სამშობლოს საერთაშორისო მისიებში და იმ ტრაგიკულ დაპირისპირებებში, რომელიც ჩვენ გვქონია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან მიმართებაში ჩვენ ვართ სოლიდარულები, მაგრამ ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ აცდენილია რეალობას