“უვადო მოსამართლეები საქართველოსთვის ამ ეტაპზე სარგებელი არ არის“ – ფოფხაძე

პერსპექტივაში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ უვადო მოსამართლეები საქართველოსთვის ამ ეტაპზე სარგებელი არ არის“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ მოსამართლეებთან დაკავშირებული ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა. ფოფხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილება.

ცხრა დეპუტატის ინიციატივას, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

დეპუტატის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესის გადავადების ინიციატივა არაკონსტიტუციურია:

„მე რომ მიმაჩნდეს, რომ არაკონსტიტუციურია ეს ინიციატივა, ხელს არ მოვაწერდი, ან თუ მოვაწერდი ჩავთვლიდი, რომ პოლიტიკური ღირებულება ამის იმდენად მნიშვნელოვანია, თვითონ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს არის თუ არა კონსტიტუციური. ჩვენ შეიძლება ვიდავოთ კონსტიტუციურობაზე, მაგრამ რეალურად არის თუ არა არაკონსტიტუციური, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი. ჩვენ, დეპუტატებს გვაქვს ვალი ხალხი, ქვეყნის წინაშე და ეს ვალი მდგომარეობს იმაში, რომ უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ მართლმსაჯულება იყოს ხალხისთვის. ფორმალურად, უვადოდ შეჩერებაზე არის საუბარი 2024 წლამდე, ეს რაც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ საერთოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ უვადოდ დანიშვნები შეწყდეს და კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილება. პერსპექტივაში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ უვადო მოსამართლეები საქართველოსთვის ამ ეტაპზე სარგებელი არ არის“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ და კიდევ რვა დეპუტატმა პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ ინიციატივა, გასულ კვირაში წარადგინეს.

banner
წინა სტატიაშისავალდებულო სამხედრო სამსახურის არგავლის შემთხვევაში შესაძლოა, საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს
შემდეგი სტატიაყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს