უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილა

region
ავტ.: region დეკემბერი 28, 2020 15:09

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილა

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაცია, ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი, შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების პირობებში დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით. როგორც სხდომაზე აღინიშნა, უკვე იდენტიფიცირებულია პირველი რისკ ჯგუფები, რომლებიც აიცრებიან, როდესაც ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს. ამ მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების პროცესი გრძელდება, თუმცა შეინიშნება მოქალაქეების მიმართვიანობის შემცირება, ამიტომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტის გასაკეთებლად მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტია.

ხაზი გაესვა შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაციაზე, თუმცა აღინიშნა, რომ არსებული მაჩვენებლები მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს, ვინაიდან ეპიდემია საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში ჯერ ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეიკავონ თავი საახალწლოდ ხალხმრავალი სადღესასწაულო წვეულებების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობისგან და მომავალი დღესასწაულები ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ, გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე ახლობელთა ჯანმრთელობას.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების შემდეგ, დადებითი ტენდენცია შეინიშნება 112-შიც. მიმართვიანობის შემცირების ტენდენცია ნარჩუნდება მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო ხასიათის გამოძახებებზე.

24 დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების პარალელურად, შრომის ინსპექცია, შესაბამის საზედამხედველო უწყებებთან ერთად, აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მხრიდან როგორც რიგების მართვა, ისე ყველა სხვა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვა ობიექტზე მომხმარებლის დაშვებისას.

საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, 26-27 დეკემბრის მონაცემებით, სულ განხორციელდა 2779 აქტივობა, რომელთაგანაც მონიტორინგის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა – 54 შემოწმება განხორციელდა თბილისში, იმერეთსა და აჭარაში მდებარე მოლებზე და მოლებში არსებულ 1791 ობიექტზე. 20 ობიექტის შემთხვევაში განხორციელდა მათი საქმიანობის დეტალური შემოწმება, თუმცა დარღვევები არ გამოვლენილა. 843 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება. 2 ობიექტი დაჯარიმდა არანებადართული საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. ფიზიკური პირები ახორციელებდნენ არანებადართულ სოციალური ღონისძიებას. 69 ობიექტის გადამოწმებისას კი დადგინდა, რომ ისინი საქმიანობას პროტოკოლის სრული დაცვით ახორციელებდნენ.

2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 518 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 222 143 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 206313 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2418 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 427 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1311 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 5624 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

region
ავტ.: region დეკემბერი 28, 2020 15:09