უწყებათაშორისმა კომისიამ მთავრობისთვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

უწყებათაშორისმა კომისიამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის
შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით, ტერორიზმის
წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის
შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. კომისიის
წევრებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის
შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ გახსნა. მან მიმოიხილა ტერორიზმის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სტრატეგია, მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების
პროცესი და მადლობა გადაუხადა უწყებებს გაწეული სამუშაოსათვის.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო
გეგმისგანხორციელების პროცესში უწყებათაშორის თანამშრომლობაზე. საუბარი
ასევე შეეხო კომისიის საქმიანობის და უფლებამოსილების საკითხებს. სხდომის
მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება კომისიის სამდივნოს კოორდინაციით,
შესაბამისი უწყებათაშორისი თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმირების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს
ეროვნული სტრატეგია დამტკიცების შემდეგ იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი
ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. დოკუმენტში წარმოდგენილია
ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და
გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი
ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა სახელმწიფო უწყებების მიერ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში,
ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული
ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე კონტრტერორისტული ხედვის
ფარგლებში უპირატესობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.

უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით
შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული
საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო
სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა