უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და 50 წლის ასაკის პირებზე აცრის შემდეგ გაიცემა

200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და იმ პირთა ასაკი, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწევს, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს გადაწყვეტილება ასაკობრივ რისკჯგუფებში ვაქცინაციის კიდევ უფრო წახალისებას ისახავს მიზნად და ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

ამასთან, როგორც ცნობილია, 1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა. ანალოგიური რეკომენდაციით მიმართა საკოორდინაციო საბჭომ კერძო დაწესებულებებსაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს, მაქსიმალურად აარიდონ თავი ხალხმრავალ შეკრებებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 928 030 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 888 022 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 13 646 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 42 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 857 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 951 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

banner
წინა სტატიაშირატი ბრეგაძე:ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამედიცინო პერსონალმა შეიძლება იქ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება არის უბრალოდ სირცხვილი
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციასთან დაკავშირებით – ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ, ეს არის ექიმების სასაუბრო