თამარ კორძაია პარლამენტში ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ უმრავლესობის წევრების მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ეპითეტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი მხრიდან ბოდიშის მოხდა არაფერს ცვლის, რადგან მაინც არაფერი იცვლება და მსგავსი გამონათქვამები ოპოზიციონერი ქალების მისამართით კვლავ პერმანენტულად გრძელდება.
“უთანასწორობა დააკანონეს და უთანასწორობის პარალელურად, შეურაცხყოფას შეურაცხყოფაზე აყენებდნენ კოლეგა პარლამენტარებს. მათი ბოდიშიც არის ყალბი. როცა ირაკლი ბერაიამ მოიხადა ბოდიში, ამით არაფერი არ გამოსწორებულა. ისევ გრძელდება მსგავსი და უარესი გამოთქმები და დამოკიდებულება კოლეგების მიმართ”, – ამბობს კორძაია.
გენდერული კვოტების გაუქმების მსჯელობის პარალელურად “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “ეს არის მო**ვნელი ქალების სინდრომი” – ისმის ვიდეო-ჩანაწერში.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.