უსუფაშვილი გიორგი კვირიკაშვილსა და დავით ბაქრაძეს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მომავალი პოლიტიკური ცხოვრება და პარლამენტი არ იქნება მარტივი, ამიტომ პარლამენტში შესულმა მთავარმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა გამონახონ ძალა, რომ მათი კონკურენცია კანონის ნორმებს დაექვემდებაროს. ამასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილი გიორგი კვირიკაშვილს და დავით ბაქრაძეს სახელმწიფოებრივი მიდგომების გამოჩენისკენ მოუწოდებს:
„სამწუხაროდ, მე არ მგონია რომ მარტივ პარლამენტსა და პოლიტიკურ ცხოვრებას მივიღებთ. სამწუხაროდ, ის შფოთვა, რომელიც მეც და სხვებმაც გაგიზიარეთ გამართლდა და არჩევნების შედეგის განმაპირობებელი ფაქტორი იყო, ის წინასაარჩევნო კოქტეილი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცნაირად ერთად შესთავაზეს ხალხს. ეს იყო „მტრის ხატზე“, სიძულვილზე და ერთმანეთის განადგურებაზე დაფუძნებული კამპანია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ წაადგება ქვეყანას. ამიტომ დღეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ მინდა მივმართო ამ ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერებს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილსა და დავით ბაქრაძეს, მათზე პერსონალურად ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაში, თუ საით წავა ქვეყანა, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მე მინდა, მჯეროდეს, რომ მათ ექნებათ საქმიანი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არიან მთავარი პოლიტიკური კონკურენტები, მაგრამ ეს კონცურენცია არ უნდა გასცდეს კანონის ნორმებს. სწორედ ახლაა გამოსაჩენი დიდი სიბრძნე, სახელმწიფოებრივი მიდგომები. მე ვიცნობ ერთსაც მეორესაც და მჯერა, რომ გიორგიც და დათოც გამონახავენ საკუთარ თავში იმ ძალებს, რომელიც სრულიად აუცილებელია ამ ქვეყნითვის, რომ ეს არჩევნები დასრულდეს კონკურენტული რეჟიმით, მაგრამ მშვიდობიანად”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი „პატრიოტთა ალიანსზე“ – მირჩევნია ისინი იყვნენ პარლამენტში, ვიდრე პარლამენტს გარეთ
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის