უსუფაშვილი: არ იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო იმას, რომ ქვეყნის მთავრობა დაკავებული იყოს ქვეყნის გაყოფით და ყოველდღე პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან მოედინებოდეს ნიაღვარი გამონათქვამების

საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას და არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ამკვიდრებს არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, – ამის შესახებ განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისი ჩართულობითაც წაიწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ძალიან ბევრ საჯარო მოხელეს, დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ადამიანს და სხვა უწყების თანამშრომლებსაც, რომლებიც არა მხოლოდ კითხვარის შევსებისას, არამედ ზოგადად, თავდაუზოგავად შრომობენ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და ამ შემთხვევაში, ევროპული ინტეგრაციისთვის. მინდა, მადლობა მოვახსენო პარლამენტში მყოფ არაერთ კოლეგას ორივე მხარეს, ვინც ასევე ძალიან სერიოზულად იყო ჩართული წლების განმავლობაში ამ საკითხში ქვეყნის წინ წაწევისთვის და ეს კარგია.

მაგრამ ახლა მე მახსენდება, დაახლოებით 8-9 წლის წინ როგორ გავხსენი მე, პირადად პარლამენტის ერთ-ერთი სხდომა. მაშინდელი ოპოზიცია, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინაც აქეთ მხარეს ბრძანდებოდნენ და მე სხდომა გავხსენი სიტყვებით – პუტინი მტერია! პუტინი მტერია! პუტინი მტერია! ეს გავიგეთ. ახლა გადავიდეთ საქმეზე, რადგან ეს იყო ერთადერთი რაღაც პიარული ხერხი, რომ მუდმივი საუბარი იმაზე ყოფილიყო, რომ აგერ, რა ვიცი, პუტინისტი ვარ მეც თუ „ოცნების“ შემადგენლობა. დღეს მე მინდა, უკვე აქეთ შემადგენლობის გასაგონად ხმამაღლა გავიმეორო – დიახ, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას! საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას! ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. და ახლა გადავიდეთ საქმეზე, ვილაპარაკოთ იმაზე, რას არ იმსახურებს საქართველო. საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს არაევროპულ ცხოვრების სტილს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს, არაევროპულ ინსტიტუტებს, არაევროპულ სახელისუფლებო სისტემას. აი, ამას არ იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო.

საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ქართველი ხალხის და უამრავი ინდივიდუალური პოლიტიკოსის, საჯარო მოხელის და ბევრი ამ დარბაზშიცაა, წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის, მაგრამ არ იმსახურებს ქართველი ხალხი და საქართველო იმას, რომ ქვეყნის მთავრობა დაკავებული იყოს ქვეყნის გაყოფით და ყოველდღე პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან მოედინებოდეს ნიაღვარი გამონათქვამების, შეფასებების, დამოკიდებულებების, რომელიც საქართველოს ერთ ნაწილს, სულ მცირე 50 %-ს ყოველდღიურად აგრძნობინებს, რომ ის ზედმეტია, რადგან ადამიანებს, რომლებიც იმ ხალხმა აქ აირჩია, მთავრობა მოღალატეებს გვიწოდებს, ომის გამჩაღებლებს გვიწოდებს, შავბნელ ძალებს გვიწოდებს, რომლებსაც ეროვნული ინტერესის არაფერი გაგვეგება და საქართველოს ზუსტად ნახევარს ეუბნება, რომ ის ზედმეტია. აი, ეს ევროპა არ არის. ევროპა არ შექმნილა მტრის ხატთან ბრძოლაში. არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ დამდგარა ფეხზე ეკონომიკურად, პოლიტიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურულად, თუ როგორც გნებავთ, შიდა მტრებთან ბრძოლაში. ევროპული სახელმწიფოები შეიქმნა ეროვნული ძალების, ეროვნული ენერგიების, ეროვნული რესურსის გაერთიანებით და ეროვნული პარტნიორობით, რომელიც მერე გადაიზარდა საერთაშორისო პარტნიორობაში, ევროპული სახელმწიფოები არ შექმნილა ადამიანების ძალაუფლებით ქვეყნების მართვაში. კონსტიტუციით და კანონებით მართვაში შეიქმნა ევროპული სახელმწიფოები. აი, ამას არ იმსახურებს საქართველო, რომ დღესაც კონსტიტუცია, რომელიც ამ პარლამენტში მყოფი ადამიანების დაწერილია, არათუ ხელაწეულია, ის კონსტიტუცია მესამეხარისხოვანია ხოლმე, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და საჭიროა კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა საძალაუფლებო სისტემის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის (და არა საქართველოს) ავტორიტეტი დაბალია.

„საქართველოს მთავრობისადმი ნდობა დემოკრატიულ სამყაროში არ ყოფილა ასეთ დაბალ ნიშნულზე, მოყოლებული 1992-1993-1994 უბედური წლების შემდგომ; მას შემდგომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონია ასეთი დამოკიდებულება. ვიცი ეს და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი დიპკორპუსის, რადგანაც ნუ გგონიათ ადამიანებს, ვინც ამის უფლებას აძლევთ ხოლმე ძალიან ხშირად, ზოგი აქ ხართ, ზოგი აქ არ ბრძანდებით, რომ მხოლოდ „იმედი ტვ“-ზე გადის ის ნათქვამი და მხოლოდ ქართველებს ესმით ის გამონათქვამები, რაც ასე არა თუ ნელ-ნელა დაინერგა; ახლა უკვე ოფიციალურ რაღაცა სახელმწიფო პოლიტიკაშია გადასული, რომ ევროპელი პარლამენტარები უვიცები არიან; ვიღაცები რაღაცებს რომ ლაპარაკობენ, დაქირავებული არიან, ფულს უხდიან იმათ და ამიტომ ლაპარაკობენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩები არაკვალიფიციურები, არაინფორმირებულები არიან და ზოგადად, ესენი ვინ არიან, ჩვენ რომ რაღაცებს გველაპარაკებიან.

მეგობრებო, მე მრცხვენია ამის ლაპარაკი, რადგანაც ვერ ვხედავ დარბაზში ადამიანს, რომელსაც ეს არ ესმის, რომ ელჩებთან ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს იმ ქვეყნებთან ასეთ დამოკიდებულებას, რადგან ამ ელჩებს ჰქვია იმ ქვეყნების სრულუფლებიანი და საგანგებო წარმომადგენელი; შუა საუკუნეებიდან მოყოლებული და კიდევ იმის იქით, რაც გაჩნდა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ეს საკითხი, დიპლომატიური ამბავი, საერთაშორისო ურთიერთობები, ელჩებთან ურთიერთობა, რაღაც ყველაზე უფრო ისეთია – ზოგადსაკაცობრიო თემად არის ნაქცევი. აი, ამას არ იმსახურებს საქართველოს ხალხი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

​დეპუტატმა კოლეგებს შარლ მიშელის შეთანხმებაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ოპოზიციამ საერთო განცხადება გავაკეთეთ, სადაც მივმართეთ ევროკავშირს, მის ქვეყნებს, ყველას, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაისაჯოს საქართველო და ქართველი ხალხი ამ კონკრეტული პრობლემებით, რომელიც წარმავალია, რადგანაც ყველა მთავრობა წარმავალია და ის პრობლემებიც წარმავალია, რაზეც მე ვლაპარაკობ. თქვენი თანამონაწილეობით მოხდება ამის გაკეთება. აღარ იქნება ამ ქვეყანაში, რომ ყველა ერთად წავიდა და მერე ვიღაცა უნდა მოვიდეს. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ გთავაზობთ „ლელო“, რომ ევროპას ერთად მივმართოთ, შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებულებმა მივმართოთ ევროპას. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ევროპამ, ევროპისკენ სავალ გზად წარმოიდგინა და ჩვენ ერთად შევიმუშავეთ. დარჩენილ 2-3 კვირაში მხოლოდ ამ ადამიანების იმედზე ნუ ვიქნებით და ეს არ იქნება სამართლიანი. მათი მიყენებული ზიანის გამოსწორებაც კი აღარ შეუძლიათ აქედან გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რაც ხდება ხოლმე იმ ქვეყნებში. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ არის საჭირო ამის გაკეთება. 2-3 კვირაში დავივიწყოთ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – ოპოზიციას: მჯერა, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ თქვენი გეგმის განსახორციელებლად და გეგმის საფუძველი არის ის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – სოროსის ფონდის თბილისის ოფისი არსებული ხელმძღვანელობის პირობებში პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის ერთ-ერთ დანამატად, ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება