23-24 მაისს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე სტრასბურგში, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთანაც.
როგორც ,,თაიმერს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრებზე განიხილება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებს. პარლამენტის პროექტი უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცვლილებების პაკეტი წინასწარი მოსაზრებების მოსამზადებლად ვენეციის კომისიას გადაუგზავნა.