“უსაფრთხოების სამსახურიდან ადამიანის თავდაცვაში გადასვლა ძალიან მიღებული პრაქტიკაა”

დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრად უშიშროების კადრის დანიშვნა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.

მისი თქმით, ორივე მინისტრი დიდი გამოცდილების მქონე კადრია.

“გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან კარგი საკადრო გადაწყვეტილებები იყო. ქეთევან ციხელაშვილი დიდი ხანია ამ სფეროში მუშაობს და აქვს უდიდესი გამოცდილება. რაც შეეხება ლევან იზორიას, ეს არის ადამიანი ძალიან დიდი პოლიტიკური და აკადემიური გამოცდილებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც მან მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროს. მისი მთავარი საქმიანობა მაინც არის ის, რომ ლევან იზორია კონსტიტუციონალისტია, ადამიანის უფლებების დამცველია და სამოქალაქო პირია სრულიად”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

დევნილთა მინისტრის შეფასებით, უსაფრთხოების სფეროდან თავდაცვის სამინისტროში გადასვლა მისაღებია და მსგავსი საკადრო ცვლილების მაგალითი უამრავია მსოფლიოში.

“რაც შეეხება იმ საკითხის, არის თუ არა სწორი რომ უსაფრთხოების სამსახურიდან ადამიანი გადავიდეს თავდაცვაში, პირველ რიგში ეს ორივე უწყება ერთსა და იმავე ამოცანას ემსახურება, უბრალოდ სხვადასხვა კუთხიდან, ასე რომ მის მიერ ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილების გამოყენება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს მსოფლიოში, ლეო პანეტა, რომელიც 2009-2011 წლებში იყო ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ თავდაცვის მინისტრი გახდა და 3 წლის განმავლობაში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თავდაცვის მდივანი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა პოლონეთის დღევანდელ თავდაცვის მინისტრზე და ამ წუთებში 4 ასეთი თავდაცვის მინისტრია ევროპის სახელმწიფოებში. ეს არის ძალიან მიღებული პრაქტიკა” , – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, მისთვის გაუგებარია თავდაცვის ყოფილი მინისტრ თინა ხიდაშელის შედარება ირაკლი ალასანიასა და ლევან იზორიას შორის.

“მით უმეტეს ცოტა ვერ გავიგე მაგალითი, როცა ქალბატონმა თინამ გააკეთა შედარება ალასანიასა და იზორიას შორის, იმიტომ რომ ალასანია კარგად გვახსოვს იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე თავის დროზე, საკმაოდ მაღალი ჩინი ჰქონდა თუ არ ვცდები პოლკოვნიკი თუ გენერალია და საკადრო ოფიცერი იყო განსხვავებით იზორიასგან, რომელიც არცთუ დიდი ხნის მისულია ამ უწყებაში, თუმცა ეს მე ორივე შემთხვევაში მიმაჩნია რომ არის პლუსი და არა მინუსი” , – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელმა მის შემცვლელად ლევან იზორიას დანიშვნა შეცდომად შეაფასა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: თავდაცვის ახალი მინისტრის უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება
შემდეგი სტატიალალი ფაფიაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში არანაირ საქმეებთან დაკავშირებით პროტესტი არ არსებობს