“უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება”-ნარმანიას განცხადებით, მოვაჭრეებს შენობაში არ შეუშებენ

შესაბამისი სამსახურები აქტიურად არიან ჩართულები, რათა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავეხმაროთ მათ-ეს განცხადება, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა. ნარმანია ე.წ. “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მოთხოვნებს გამოეხმაურა.

თბილისის მერი, დავით ნარმანია, აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე “ბავშვთა სამყაროს” შენობაში ჯერჯერობით მოვაჭრეების შეშვება არ მოხდება და ამის შესახებ გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო.

„მერის მოადგილე, რაიონის გამგებელი, შესაბამისი სამსახურები აქტიურად არიან ჩართულები, რათა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავეხმაროთ მათ, დავეხმაროთ თითონ ადამინისტრაციას, რათა დროულად გაკეთდეს ის, რაც გასაკეთებელია. ანუ პირველ რიგში, ჯერ კიდევ გამოსატანი საქონლის გამოტანა და მეპატრონეებისთვის დაბრუნება – ეს არის უმთავრესი ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ საბანკო დაწესებულებებთან ვმუშაობთ, ეროვნული ბანკისა და ბანკების ასოციაციის მეშვეობით გუშინ დაზარალებული ადამიანების სია უკვე გადაეგზავნათ რათა ბანკებმა და საკრედიტო დაწესებულებებმა მათ გარკვეული შეღავათები გაუკეთონ.

მოქმედი კანონმდებლობის ნორმებიდან გამომდინარე მივეცით მითითება, რომ ტერიტორია იყოს უსაფრთხო, ვინაიდან იქ იწყება დაზიანებული ნაწილის მოხსნასთან, ზოგიერთი ნაწილის გამაგრებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რათა შემდგომ მეპატრონეებმა შეძლონ შესვლა და გადარჩენილი საქონლის გამოტანა. ასე რომ, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატიაშაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი პრემიერს ღია წერილით მიმართავს