“უსამართლოა” – სამხარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში გამოთქმული საყვედური მმართველი პარტიის მისამართით, ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, უსამართლოა. ამის შესახებ სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში საუბარია არა კანონმდებლობის შინაარსზე, არამედ პროცედურაზე.

„ვფიქრობ, რომ უსამართლოა. თვითონ კანონმდებლობის შინაარსზე არ წერია, არის პროცედურაზე“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ამასთან, როგორც სამხარაძე აცხადებს, აშშ-ის განცხადების მიუხედავად, ცვლილების მიღება ღირდა.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ არ იყო საკმარისი დისკუსია ოპოზიციურ პარტიებთან, რაც ასე არ იყო და ოპოზიცია კომიტეტებში იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება ოპოზიციონერთა დანარჩენ ნაწილს, სამხარაძის თქმით, „კომიტეტის სხდომებზე და საპარლამენტო სესიაზე ძალით ვერავის მიიყვანენ“.

„ღირდა ნამდვილად. იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დაკავების სხვადასხვა ვადების არსებობა გააუქმა და პარლამენტს დაავალა, რომ ცვლილებები კანონმდებლობაში პირველ ივნისამდე აესახა.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ არ იყო საკმარისი დისკუსია ოპოზიციურ პარტიებთან, რაც ასე არ იყო. კომიტეტებზე ოპოზიციური პარტიები გუშინაც და გუშინწინაც იყვნენ წარმოდგენილი. ახლა იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ და კომიტეტებზე არ დადიან ძალით ნამდვილად ვერ მოვიყვანთ სხდომებზე“, – აღნიშნა სამხარაძემ.

სამხარაძე ასევე განმარტავს, რომ მმართველი პარტია მძიმე პირობებზე წავიდა, რასაც ოპოზიციონერები არ იმსახურებენ.

„ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ, ისეთ რაღაცებზე დავთანხმდით, რომელიც არ იყო ჩვენთვის მისაღები. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძიმე თემებია ეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო ევროკავშირის და აშშ-ის ერთობლივი პოზიცია; მის გათვალისწინებით, რომ პოლარიზაცია შეგვემცირებინა ქვეყანაში; იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოგვეყვანა და ეს ხელოვნური კრიზისი დაგვესრულებინა ძალიან მძიმე პირობებზე წავედით. სიმართლე გითხრათ, ეს ოპოზიციონერები არ იმსახურებენ ამას, მაგრამ ქვეყნის, ხალხის გამო წავედით“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობის თაობაზე განცხადება გაავრცელა.

აშშ-ის საელჩო ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო იმედგაცრუებას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.

banner
წინა სტატიაშინავალნის შტაბის წარმომადგენელს “რამშტაინის” კლიპის გამოქვეყნების გამო კოლონია მიუსაჯეს
შემდეგი სტატიასუიციდის ფაქტი მარტვილში-ლ.ჯ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა