„ურთმელიძე ანგარიშის ჩასაბარებლად არ დაგვიბარებია“

კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელი ზეწოლაზე საუბრობს და თავშესაფარს ითხოვს დღეს, 22:43

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დაბარების საკითხმა საბჭოს წევრებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის კამათი გამოიწვია.

საბჭოს წევრების განცხადებით, მათთვის გაუგებარი იყო რატომ დაიბარეს მოსამართლე სხდომაზე, თანაც ისე, რომ ამის შესახებ ისინი ინფორმირებულნი არ ყოფილან.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, თამაზ ურთმელიძე ანგარიშის ჩასაბარებლად არ დაუბარებიათ.

„ურთმელიძე იმისთვის არ დაგვიბარებია, რომ ანგარიში ჩაებარებინა. არამედ, ის „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით დავიბარეთ. ეს ემსახურებოდა გამჭვირვალეობის პრინციპს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, თუ ურთმელიძე სხდომაზე მოვიდოდა, მასთან 2 შეკითხვა ექნებოდა. პირველი – იყო თუ არა ზეწოლა მასზე „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და მეორე – რატომ არ გამოაქვეყნა საქალაქო სასამართლომ განჩინებასთან დაკავშირებით განცხადება.

როგორც იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა კახა სოფრომაძემ განაცხადა, ურთმელიძის დაბარებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მედიამ არასწორი ინტერპრეტაცია მიაწოდა. ის ფიქრობს, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილება საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადებასთან დაკავშირებით, სწორია.

მისი თქმით, მასმედიამ უხერხულობაში ჩააგდო ყველა და ყველა კარგად ხედავს პირდაპირ ეთერში, როგორც ხორციელდება მოსამართლეებზე ზეწოლა.

საბჭოს ერთ-ერთი წევრის ევა გოცირიძის განცხადებით, მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება საზოგადოების, მასმედიის და ხელისუფლების მხრიდან.

„აბსურდია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და თურმე ეს უცხოურმა ორგანიზაციებმა დაინახეს. ამ აჟიოტაჟით ყველა მოსამართლეზე და ყველა მომავალ საქმეზე, ხორციელდება ზეწოლა, რათა მომავალში მსგავს საქმეებზე ვერცერთმა მოსამართლემ ვერ მიიღოს მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების მსგავსი“, – განაცხადა გოცირიძემ.

მან საბჭოს წევრებს შესთავაზა რაიმე ისეთი ფორმის მოფიქრება, რომელიც მომავლისთვის მსგავს უხერხულობას ააცილებდა საბჭოს.

banner
წინა სტატიაში„თამარ ბერუჩაშვილი არის საგანგებო დავალებათა ელჩი“
შემდეგი სტატიაადიგენში არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა