27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომეხმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი არჩევანი

7 ივნისს სომეხმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი არჩევანი, ახლა ეს მისწრაფებები რეალურ შედეგებად უნდა ვაქციოთ – სომხეთი დემოკრატიის, რეფორმების და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე წინსვლას აგრძელებს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სომხეთი დემოკრატიის, რეფორმების, მშვიდობისა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე წინსვლას აგრძელებს. 7 ივნისს სომეხმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი არჩევანი და აირჩია დემოკრატია, კანონის უზენაესობა, რეფორმები და მშვიდობა, ასევე, უპირატესობა მიანიჭა ევროკავშირთან ღია და ინკლუზიურ პარტნიორობას. ახლა ეს მისწრაფებები რეალურ შედეგებად უნდა ვაქციოთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სომხეთმა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მიღწევის პროცესში პროგრესს მიაღწია.

„სომხეთი ერთადერთი პარტნიორია, რომელიც ამჟამად აქტიურ დიალოგს აწარმოებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ეს ჩვენი პარტნიორობის დონეს აჩვენებს. ვიცით, რომ ამ პროცესის ერთგულები ხართ და შთამბეჭდავია პროგრესის ხილვა. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სომხეთისთვის“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთი რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ ზეწოლას განიცდის.

„შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. მალე სომხეთი ვაჭრობის დივერსიფიკაციისთვის 18 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, ჩვენ ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ წინადადებას წარვადგენთ. ეს ევროკავშირში სომხეთიდან ექსპორტის 80%-ს ლიბერალიზაციას მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ევროკავშირთან სომხეთის ვაჭრობის 80% ტარიფებისგან თავისუფალი იქნება. აღნიშნული ზომების შედეგად სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის 99%-ისთვის ევროპის კარი გაიღება“
, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი: დღეს დაიკითხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი