ურსულა ფონ დერ ლაიენი – მშვიდობა ყველას გვსურს, ეს დონალდ ტრამპის ინტერესშიც შედის, თუ ამის მიღწევა სურს, ეს მხოლოდ ევროკავშირისა და მისი ქვეყნების მხარდაჭერით არის შესაძლებელი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მშვიდობის მიღწევა ევროკავშირის მხარდაჭერითაა შესაძლებელი.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, ევროკავშირის ლიდერები მიესალმებიან თავდაცვის გაძლიერების გეგმას.

„ჩვენ, ყველას გვსურს მშვიდობა ძალის მეშვეობით, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. და ეს ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინტერესებშიც შედის. თუ მას ამის მიღწევა სურს, ეს მხოლოდ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერით არის შესაძლებელი. ჩვენ ვართ ის, ვინც ბევრ ინვესტიციას ვდებთ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში და უზრუნველვყოფთ იმ სამხედრო შესაძლებლობებს, რომლებიც უკრაინას სჭირდება. არის უზარმაზარი ზეწოლა ყველა წევრ ქვეყანაზე, რომ გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ხარჯები. ამიტომ ყველა ლიდერი მიესალმა თავდაცვის გაძლიერების გეგმას, რომელიც ხუთ ელემენტს მოიცავს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს თავდაცვაზე მეტი თანხის გამოყოფის გეგმებს, რაზეც ბრიუსელში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ. ამასთან, ევროპული საბჭო უკრაინასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს, რომ ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30.6 მილიარდ ევროს გამოუყოფს, თუმცა აღნიშნულ დასკვნას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მხარი არ დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით, მომხმარებლის გამოცდილების მართვის წლის მთავარი ღონისძიება, CX Business Summit Georgia გაიმართა
შემდეგი სტატიაMEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს – რაუფოღლუ