ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ რუსეთი მის მიერვე წამოწყებულ ომში მარცხდება და შურისძიების მიზნით იერიშებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს.
მისი თქმით, ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებთან უკრაინის საჰაერო და ანტიბალისტიკური თავდაცვის გასაძლიერებლად.
„რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იღებს. ჩვენ ვმუშაობთ წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის ანტიბალისტიკურ შესაძლებლობებს. უკრაინას უნდა ჰქონდეს საშუალება, თავიდან აიცილოს ადამიანთა სიცოცხლის დანაკარგი. ეს ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტია“, — წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
















