ურეკის სანაპიროზე ჰიდროციკლით მოძრავი პირი, რომელიც ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ფაქტი დაუყოვნებლივ დააფიქსირეს და მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს. თუმცა, მან პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტმა აღნიშნულ პირთან დაკავშირებით გაატარა შემდეგი ღონისძიებები:
დაიწყო საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით, რის საფუძველზეც პირი დაკავებულია.
წყლის ტრანსპორტით მოძრაობის წესების დარღვევისთვის იგი დამატებით დააჯარიმეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114² მუხლის შესაბამისად.















