ურბანული და არქიტექტურის მიმართულებით ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა

თბილისის მერიაში ურბანული და არქიტექტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული მიმართულება და შეიქმნა ურბანული განვითარების სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია გენერალური გეგმის მართვასა და ქალაქის ურბანული პოლიტიკის გატარებაზე, ხოლო არქიტექტურის სამსახური სპეციალიზდა კონკრეტულ სერვისებზე. თვითონ არქიტექტურის სამსახურში დაინერგა მართვის ეფექტიანი სისტემა, გაიზარდა არქიტექტურის მიმართულებით მომსახურების ხარისხი და შემცირდა მომსახურების ვადები“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ურბანული და არქიტექტურის მიმართულების ერთ სამსახურად არსებობა მთელ რიგ პრობლემებს ქმნიდა.
„კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებული 2 ათასამდე წინადადება პასუხგაუცემელი და ვადაგადაცილებული იყო. დღეს შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არ არსებობს არცერთი პასუხგაუცემელი წინადადება და არცერთი დროში გაწელილი პროექტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდაც ამისა, ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა მერიის ყველა სერვისცენტრის რეაბილიტაცია და მოხდა მათი ადაპტირება შშმ პირებისთვის.
აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა დედაქალაქის მერმაც.
„2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, დავპირდით მოსახლეობას, რომ მუნიციპალური სერვისები ყველასთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი და კომფორტული. წლების განმავლობაში როგორ ხდებოდა: იყო მერია, სადაც ადამიანები უნდა მოსულიყვნენ და წერილი დაეწერათ მერის ან ვიცე-მერის სახელზე, რის შემდეგაც მიუვიდოდათ პასუხი. ამ რეფორმით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, მოქალაქეს აღარ უწევს მერიაში მოსვლა. მას შეუძლია, თავისივე რაიონში მიბრძანდეს გამგეობაში, სადაც ძალიან მაღალ დონეზეა მოწყობილი მუნიციპალური სერვისები და ყველა ის სერვისი, რომელსაც მერიაში იღებდა, თავისივე გამგეობაში მიიღოს. ჩვენ ვგეგმავთ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ მუშაობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ვიცე-მერის თქმით, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, ამოქმედდა ელექტრონული პლატფორმები, სადაც მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ ყველა ტიპის მუნიციპალური სერვისით სარგებლობა. ესენია: my.municipal.gov.ge, ms.gov.ge; taxi.tbilisi.gov.ge; parking.tbilisi.gov.ge
გარდა ამისა, ვიცე-მერმა ისაუბრა კიდევ ერთ რეფორმაზე, რომლის ფარგლებში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა. მისივე თქმით, აღნიშნულ სამსახურში დაინერგა მართვის ეფექტიანი სისტემა და გაიზარდა ჯარიმები სხვადასხვა ტიპის სამსართალდარღვევაზე, რის შედეგადაც, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალური ინსპექციის მიერ 18 ათასამდე სამართალდარღვევა გამოვლინდა. მათზე რეაგირების შედეგად დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 78 მლნ ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – არ არის გამორიცხული, ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატება
შემდეგი სტატიაპანდემიის პერიოდში თბილისის მერია რესტორნებს, კვების ობიექტებს, საკლუბო ინდუსტრიას და ბავშვთა გასართობ ცენტრებს 4 200 000 ლარით დაეხმარა