“უფრო თამამი ნაბიჯებია აუცილებელი, რათა ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა დავათბოთ”

ჩვენ გავაგრძელებთ დეესკალაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი მიზანია, ფეხდაფეხ გავაუმჯობესოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, შევქმნათ წინაპირობები პრობლემების გრძელვადიანი მოგვარებისთვის. მინიმუმ, მოვახდინოთ რეგიონში, ჩვენი ოკუპაციის პრობლემებიდან გამომდინარე არსებული რისკების ნეიტრალიზება და შევქმნათ საკმარისი სტაბილურობა, რომ შესაძლებელი გახდეს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური დაგეგმვა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკა რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად და ამ მიმართულებით გამოვიყენებთ ყველა ფორმატსა და პლატფორმას, რა შესაძლებლობაც დღეს არსებობს. შერიგების პოლიტიკა – ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლისკენაც ვგეგმავთ, უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ, რათა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი, აღვადგინოთ ნდობა, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მაქსიმალურად შევეცადოთ, ადამიანებს შორის უკეთესი ურთიერთობების გავლით, შევქმნათ წინაპირობები კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირებისთვის“,-აღნიშნა პრმიერმა.

კგირიკაშვილის თქმით, ამ მიმართულებით დაგეგმილია გარკვეული ნაბიჯები.

„ეს ფორმატი ასეთი კონკრეტიკის განხილვას არ ითვალისწინებს. მოხარული ვიქნები, შევქმნათ როგორც საპარლამენტო, ისე – შერეული ფორმატები, რომ ეს ნაბიჯები განვიხილოთ. ერთი რამ ცხადია – სტატუს-კვო, რუტინა, რომელშიც ვიმყოფებით, არ იძლევა საშუალებას, მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღოთ ამ მიმართულებით. გუნდში ვფიქრობთ, რომ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი, რათა ადამიანებს შორის ურთიერთობა დავათბოთ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი მდინარეში იპოვეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს