„უფლებები საქართველო“ ადვოკატის უკანონდ დაკავების გამო პოლიციელების თანამდებობებიდან ჩამოშორებას მოითხოვს

„უფლებები საქართველო“ 8 თებერვალს საპატრულო პოლიციის მიერ ადვოკატ შოთა თუთბერიძის უკანონო დაკავებისა და მის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს, რომ გამოძიება წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პოლიციელები ჩამოშორდნენ თანამდებობებს და მათ მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო ადვოკატ შოთა თუთბერიძეს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადვოკატი შოთა თუთბერიძე 8 თებერვალს, საღამოს 7 საათზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე უკანონოდ დააკავეს. თუთბერიძისთვის არ განუმარტავთ დაკავების მიზეზი და სამართლებრივი საფუძველი. ასევე, უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული მოქალაქე ჭაბუკა გაბისონია, რომლის უფლებების დაცვასაც ცდილობდა შოთა თუთბერიძე.

უკანონო დაკავების პროცესის ვიდეოგადაღებას აწარმოებდა თავად ადვოკატი და იქ მყოფი ერთ-ერთი პირი. თუთბერიძე დაკავებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მასზე, პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

„უფლებები საქართველოს“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი, რომელიც შოთა თუთბერეს იცავს, მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს არამხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც უკვე მიმდინარეობს, არამედ – ამავე კოდექსის 147-ე და 364-ე მუხლებითაც, რაც, შესაბამისად, პირის უკანონო დაკავებას და ადვოკატის საქმიანობაში უკანონო ჩარევას გულისხმობს.

არჩილ ჩოფიკაშვილი მოითხოვს, რომ პროკურატურამ უზრუნველყოს დანაშაულში მონაწილე პოლიციელების იდენტიფიცირება, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, აგრეთვე – გამოძიების დასრულებამდე – მათთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერება. გარდა ამისა, არჩილ ჩოფიკაშვილი მოითხოვს, რომ ადვოკატ შოთა თუთბერიძეს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და დაცვის მხარეს მიეცეს წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე.

შესაბამისი შუამდგომლობით არჩილ ჩოფიკაშვილმა საქართველოს პროკურატურას უკვე მიმართა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ვაშლიჯვარში, მეწყრულ ზონაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გავამკაცრეთ
შემდეგი სტატიათბილისის მერიის მიერ დაბრუნებულ ე.წ. სამგორის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება