უპასუხისმგებლობა იქნება იმ განცხადების გაკეთება, რომ სრულად დაცულები ვართ – გახარია პასუხი ბესელიას

უპასუხისმგებლობა იქნება, ჩემი მხრიდან, იმ განცხადების გაკეთება, რომ სრულად დაცულები ვართ – ეს განცხადება, შს მინისტრმა დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებით დაინტერესდა. ეკა ბესელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება უკვე სამი თვეა მიმდინარეობს, არ არსებობს კითხვაზე პასუხები, ვინ დგას მომხდარის უკან.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფარული ვიდეო კადრების გავრცელების პირველწყაროს უწყება უახლოეს პერიოდში იპოვის.

„შედარებითია ყველაფერი, უპასუხისმგებლობა იქნება, ჩემი მხრიდან, იმ განცხადების გაკეთება, რომ სრულად დაცულები ვართ, არ შეესაბამება სიმართლეს ისიც, რომ ვთქვათ, რომ დაცულები არ ვართ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სუსტად ვართ და აქ ბევრი გვაქვს სამუშაო, საერთაშორისო პარტნიორების ნაწილშიც. მე სპეციალურად არ გავუსვი ხაზი და არ გავაკეთე კონკრეტული დაპირებები, თუმცა ის რაც ჩვენ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაც ყველაზე აქტუალური იყო, დაპირებები გავეცით, დარწმუნებულ ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენ ამ პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალურ- იურიდიული მხარე ამ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამაზე უფრო დეტალურად ვერ ვისაუბრებ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში იმყოფება.

banner
წინა სტატიაში,,ამ ქვეყანას ყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია”-გიორგი გახარია
შემდეგი სტატია„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა