“უპასუხისმგებლობა და ბრიყვული საქციელი” – ოთარ კახიძე ნიკა მელიას პასუხობს

ადვოკატ გიორგი ონიანის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და ონიანის დაკავებას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. ოთარ კახიძე ამბობს, რომ გოგა ონიანი ივანიშვილის პირადი პატიმარია, რადგან ონიანის წინააღმდეგ არსებული საჩივრების ავტორები სწორედ ივანიშვილის ახლობლები არიან.

„გოგა ონიანი არის ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი პოლიტიკური პატიმარი. 5 წლით თავისუფლების მისჯა ონიანისთვის ერთადერთ საკითხს ემსახურება, ეს არის ის, რომ ივანიშვილის ოჯახის ახლობლები რადგან არიან ჩართულნი ამ საქმეში, ისინი არიან საჩივრის ავტორები, სამაგალითოდ სჯიან ადვოკატს და ხელისუფლების ოპონენტს,“ – განაცხადა კახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა “ენმ”-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც უპასუხა, სადაც მელია ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრობის შემთხვევაში, ონიანის საქმეზე სხვა განაჩენი დადგებოდა. კახიძე ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და მელიას განცხადებას „ბრიყვულ საქციელს“ უწოდებს.

„მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის გაგრძელებას ასეთი თავხედური ფორმით, ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და დაუპირისპირდეს ივანიშვილის ხელისუფლებას. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა პოლიტიკური ოპონენტების გასათავისუფლებლად. ამ ფონზე, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერი მეორე ოპოზიციურ პარტიას ესხმის თავს და ყურადღება ხელისუფლებიდან გადააქვს შიდაოპოზიციურ დაპირისპირებაზე, ეს არის უპასუხისმგებლობა და ბრიყვული საქციელი,“ -აცხადებს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშიგამოძალვის ფაქტზე დაკავება – შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიავახტანგ ბუცხრიკიძე ლარის კურსზე – ძირითადი მახასიათებლები საკმაოდ ოპტიმისტური განწყობის საშუალებას იძლევა