ამაღლების დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რატომ არის უფლის სიტყვები — „მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა“ — განკუთვნილი ყველა დროის ქრისტიანისთვის.
პატრიარქის თქმით, თუ ადამიანი ღვთის სიახლოვეს ვერ გრძნობს, მან საკუთარ თავში უნდა ეძებოს ამის მიზეზი.
„უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს.
თუ ზოგიერთი ჩვენგანი მის მყოფობას ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიზეზი არის ჩვენში: ან საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე და ამიტომ ეს მადლიც გვაკლია. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩემში ეს მიზეზი. ამას უფალს რომ ვკითხავთ, აუცილებლად დაგვანახებს, რა გვაქვს გამოსასწორებელი“, — ბრძანა პატრიარქმა.















