უფალი ბრძანებს:”შეიყვარეთ სიმართლე და მოიძულეთ უსჯულოება”, როგორც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელისა და წმ. გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქაში, დღესაც საუბედუროდ ცრუ პატრიარქის ხელმძღვანელობით გვყვავს საეკლესიო ხელისუფლება, იერარქიისა და სამღვდელოების დიდი ნაწილი რომელთაც სძულთ სიმართლე და შეყვარებული არიან უსჯულოებაზე…
ვსასოებთ უფალს, რომ როგორც რუის-ურბნისის კრების მოწვევისას, ამჟამადაც გარდამოიხილება ზეცით და მოხედავს ვენახსა ამას. ამინ!
ჭყონდიდელობას გილოცავთ!
+ მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა)
2024 წელი
P.S. ვასაჯაროებთ 2021 წელს გამოცემული ბუკლეტის “უსამართლობა ვნებს ეკლესიას” ელ. ვერსიას, სადაც თეოლოგი ვლადი ნარსია მარტივად, მოკლედ და საეკლესიო სამართლის მიხედვით აფასებს ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ განსაცდელს…
წმ. სინოდის 31.10. 2019 წლის პრობლემური გადაწყვეტილება
და მისი შედეგები კანონიკური სამართლის შუქზე
შესავლის მაგიერ
წმ. კირილე ალექსანდრიელი (IV-V სს.):
„როდესაც ჩვენი საქმეები სწორად მიდის, კანონის დაცვითა და კეთილწესიერებით, შფოთის არავითარი მიზეზი არ წარმოიშვება ჩვენში, არამედ სწორედ ის გვიცავს გაკიცხვისაგან. უფრო მეტიც, ასეთი გადაწყვეტილებები კეთილგონიერი ადამიანების ქებასაც გვანიჭებენ. ვინ არ დაეთანხმება მიუკერძოებელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ან როგორ არ უნდა შეირაცხოს ასეთი გადაწყვეტილება უნაკლოდ? უფრო მეტიც, ყოველგვარი ქების ღირსია კანონიერი და მართალი სასამართლო!
…ყოვლადღვთისმსახური პეტრე მწარედ ტირის და თავისი ეკლესიისაგან ჩამოშორებას უსამართლოდ მიიჩნევს. საჭიროა გავიგოთ ისიც, რას ამბობს იგი: მას შეეძლო თავის მართლება და მასში შეტანილი ეჭვის გაბათილება, მაგრამ მისთვის არავის მიუცია პასუხისგების დრო და არც ადგილი კანონიერი გასამართლებისა. ვინაიდან არაფერი ამგვარი არ გაკეთებულა ის ამ საქმის თაობაზე ღაღადებს და ჩივის, რომ გამოუთქმელი უსამართლობა შეხვდა და უწესოდ არის განდევნილი.“
I
მიტროპოლიტი პეტრეს ირგვლივ
თემა პირველი
კანონიკურად უმართებულო სასჯელები
31.10.2019 წმ. სინოდის სხდომის თანახმად, მიტროპოლიტ პეტრეს: 1. აეკრძალოს მღვდელმოქმედება; 2. განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან; 3. განთავისუფლდეს წმ. სინოდის წევრობიდან; 4. განწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად.
ეს დადგენილება არღვევს მოციქულთა 25-ე და ბასილი დიდის მე-3 და 32-ე კანონებს, რომელთა თანახმად ნაბრძანებია: „შურს ნუ იძიებთ ერთი რაიმესათვის ორჯერ“.
31.10.2019 წ. სინოდალურ აქტში სახეზეა არა ორჯერადი, არამედ ოთხჯერადი მსჯავრი.
1. აეკრძალოს მღვდელმოქმედება შინაარსობრივად წინააღმდეგობრივ და არათანმიმდევრულ მოთხოვნას წარმოადგენს!
წმ. კირილე ალექსანდრიელის პირველი კანონის თანახმად, „თუ ეპისკოპოსი პეტრე საღვთო საკურთხევლის წინ დგომის ღირსი არ არის (მღვდელმოქმედების აკრძალვა!), მაშინ იგი არც ეპისკოპოსის სახელწოდებით უნდა ყოფილიყო პატივდებული“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ წმ. სინოდს არ გააჩნია საფუძველი მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ჩამოართვას საეპისკოპოსო პატივი, მაშასადამე, არც მღვდელმოქმედების აკრძალვის უფლება გააჩნია, როგორც ამას წმ. კირილე ალექსანდრიელი გვასწავლის!
საეკლესიო სასჯელის მიზანს წარმოადგენს ჭეშმარიტების გამორკვევა და არა შურისძიება. ეპისკოპოსის წინააღმდეგ სასჯელის გამოყენებისას გაასკეცებული სიფრთხილე და წინდახედულებაა საჭირო. ეპისკოპოსი თავია ეკლესიისა და არავის აქვს უფლება, ხელყოს ის პატივი, რომელიც მას მიენიჭა სულიწმინდით, კურთხევის დროს სხვა ეპისკოპოსებისაგან. ამიტომ მიაჩნია წმ. კანონმდებელს, რომ ეპისკოპოსის გასამართლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და გვასწავლის: „ეპისკოპოსს უნდა შეეძლოს თავის გამართლება და მასში შეტანილი ეჭვის გაბათილება, მაგრამ მისთვის (ეპ. პეტრე!) არავის მიუცია პასუხისგების დრო და არც ადგილი კანონიერი გასამართლებისა“ (წმ. კირილე ალექსანდრიელის პირველი კანონი).
კართაგენის 12-ე კანონის თანახმად, კანონიკური გასამართლებისთვის, ე.ი. საეკლესიო სასამართლოს წესით სიმართლის გარკვევისთვის, საჭიროა 12 ეპისკოპოსის გადაწყვეტილება (იხ. კართაგენის კრების მე-12 კანონი).
2. განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან – რატომ? ხომ ცხადზე ცხადია, რომ მიტროპოლიტ პეტრეს ეპარქიის იერარქიასთან არ ჰქონია მმართველობასთან დაკავშირებული პრობლემა და არც რაიმე საფრთხე არსებობდა, რომლის არიდებისთვის მიზანშეწონილად ჩაითვლებოდა მისთვის მმართველობითი უფლებამოსილების შეზღუდვა? პირიქით, მიტროპოლიტ პეტრესთვის მმართველობითი უფლებასმოსილების ჩამორთმევამ ეპარქიაში გამოიწვია უმძიმესი პროცესები, რაც სინოდის არაგონივრული გადაწყვეტილების შედეგად უნდა ჩაითვალოს.
გარდა ამისა, ყოვლად გაუმართლებელია მიტროპოლიტ სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიის მუდვივმოქმედ მმართველად დადგინება, როცა ჯერ არ გამართულა საეკლესიო სასამართლო მიტროპოლიტ პეტრეს ბრალის გამოსარკვევად! ვის აქვს კადნიერება, საეკლესიო სასამართლოს გარეშე მიითვისოს სულიწმინდის ხმა და მიტროპოლიტი პეტრე წინდაწინვე დამნაშავედ გამოაცხადოს? ეს ხომ უკიდურესი მხრეხელობაა?!
მიტროპოლიტ პეტრეს გამართლების შემდეგ იგი უნდა აღდგეს პირველად პატივში, ჭყონდიდის კათედრაზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაუღალავი შრომითა და ლოცვით განამშვენა.
3. განთავისუფლდეს წმ. სინოდის წევრობიდან – კანონიკურად აბსურდულია!
რომელ საეკლესიო სამართლებრივ წყაროს ეფუძნება აღნიშნული სასჯელი? რომ აღარაფერი ვთქვათ დიდი სჯულისკანონზე, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ შემოგვთავაზებდა სასჯელის მსგავს ფორმულირებას, იგი სულ მცირე მოხსენებული უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის დებულებაში. ასეთი რამ კი დებულებაში ნახსენებიც არ არის!
მაშ, რა კანონიკური საფუძველი გააჩნია აღნიშნულ სასჯელს – ისევ ქრისტიანული სულისათვის შეუფერებელი შურისძიება?!
4. განწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად – ისევ არათანმიმდევრულობა!
ქრისტიანული სწავლებით, სინანული არის ცნობიერი აქტი, რომლის განხორციელებას წინ უნდა უსწრებდეს შეცოდების აღიარება. მიტროპოლიტ პეტრეს შემთხვევაში ეს აბსურდია! მას შეცოდების აღიარება მოეთხოვება ბრალის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, თუკი ვერ წარმოადგენს სათანადო სამხილს მოწმეებითურთ. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მონასტერში განწესების მოთხოვნა, როგორც სასჯელის ფორმა, უკანონოა!
მიუხედავად ამისა, მიტროპოლიტმა პეტრემ განმარტა: „მე თავმდაბლად მივიღე მონასტერში განწესების მითითება და რეგულარულად ვმონაწილეობ შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონურ მსახურებაში, რადგან როგორც ყოველი ქრისტიანი ვესწრაფვი სულის განღმრთობას, ლოცვით, სინანულითა და საღვთო ზიარებით“.
დაბოლოს, წმ. სინოდის მიერ მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ დაირღვა ორჯერადი გაფრთხილების კანონიკური წესი, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება იესო ქრისტეს სწავლებას „შემცოდე ძმის“ შესახებ (იხ. მთ. 18, 15-17).
მიტროპოლიტ პეტრეს მიღებული აქვს მხოლოდ ერთი გაფრთხილება. სინოდის შემდგომი რეაგირება უნდა ყოფილიყო მეორე გაფრთხილება, ფართო საეკლესიო საზოგადოებისინფორმირებულობით (ოფიციალური ვებპორტალების საშუალებით!), რომელშიც წმ. სინოდი განმარტავდა საკუთარ პოზიციას, თუ რა გახდა მიტროპოლიტის უკანასკენლი გაფრთხილებისა და მოსალოდნელი სასჯელის მიზეზი, კანონიკური სამართლის წესების სრული დაცვითა და მიტროპოლიტის უფლებების აღიარებით.
თემა მეორე
ბრალის მტკიცებისათვის ხელის შეშლა
წმ. ბასილი დიდის 71-ე კანონი:
„ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოთჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს რომ იცის ცოდვის შესახებ იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც რამდენ ხანსაც ცოდვის ჩამდენი“.
წმ. ბასილი დიდის სწავლებით, ცოდვის დამფარავი ცოდვის ჩამდენის ტოლფას ცოდვას სჩადის და მსგავსადვე უნდა განისაჯოს. ეკლესიაში ცოდვის დაფარვის მიუღებლობას გვასწავლის წმ. პავლე მოციქულიც: „რომელნი იგი ცოდვიდნენ წინაშე ყოველათაისა ამხილე, რაითა სხუათა მათ ეშინოდის“ (1 ტიმთ. 1, 20).
რას ედავებიან მიტროპოლიტ პეტრეს – წმ. პავლე მოციქულისა და წმ. ბასილი დიდის სწავლებათა დაცვას?! დიახ, ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია, ზოგიერთ თანამოაზრე ეპისკოპოსთან ერთად, აკრიტიკებდა მიტროპოლიტ პეტრეს ეკლესიაში ცოდვათა მხილებისთვის. თავად კი ეპისკოპოსი კაცია ქრისტეს ეკლესიისთვის სრულიად უცხო სწავლებას ქადაგებდა, რომ თითქოს „როცა მამა შიშველია, უნდა გადავაფაროთ“. განა რაიმე საერთო აქვს ცოდვისადმი ასეთ მიდგომას წმ. პავლე მოციქულის ან წმ. ბასილი დიდის სწავლებებთან?
სამწუხაროდ, ეპისკოპოსს გრიგოლ კაციას ხედვას უფრო მძიმე ვარიაციებიც გააჩნია საქართველოს ეკლესიაში, რამაც უმძმეს მორალურ და დისციპლინურ კრიზისში შეიყვანა ეკლესია. ერთ-ერთი ასეთი ვარიაციაა ყალბი მიზეზების გამოგონება. კერძოდ, იმისათვის რომ საქმეს კანონიკური მსვლელობა არ მისცემოდა მიტროპოლიტი პეტრე დაადანაშაულეს ბრალის წარდგენის კანონიკური პროცედურების დაუცველობაში. მოდით, ერთი წუთით დავიჯეროთ ამ არგუმენტის სერიოზულობა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ყოფილი სტიქაროსანი გიორგი გელაშვილი, ჯერ რამდენიმე ეპისკოპოსს პირადად, და შემდეგ საპატრიარქოს სამდივნოს ოფიციალურად, დღემდე უშედეგოდ ატყობინებს, რომ იგი არის პატრიარქისაგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ითხოვს დახმარებას. რატომ ერთმა ეპისკოპოსმა მაინც, მათ მიერვე მოთხოვნილი კანონიკური პროცედურების დაცვით, არ მისცა მსვლელობა სტიქაროსან გიორგი გელაშვილის საქმეს? ნუთუ შეიძლება ამის შემდეგ ე. წ. კანონიკური პროცედურების დაუცველობის ავტორთა გულწრფელობას ვენდოთ? ნუთუ მათ არ განსჯით წმ. პავლე მოციქულისა და წმ. ბასილი დიდის კანონები ეკლესიაში ცოდვათა მიმართ შეურიგებლობასა და ცოდვის დაფარვა-მიჩქმალვაზე?!
ვინც საღვთო სამართლიანობის გამორკვევას უშლის ხელს, ის ბოროტებას ამრავლებს!
თემა მესამე
ძალადობა და სიძლვილის ენა
მოციქულთა 27-ე კანონი:
„თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი სცემს ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს, ან ძალადობის ჩამდენ ურწმუნოს, ვბრძანებთ მის განკვეთას, რადგან ეს კი არ უსწავლებია ჩვენთვის, არამედ ამის საწინააღმდეგო, ვინაიდან მას სცემდნენ და ნაცვლად ამისა იგი არ სცემდა, აგინებდნენ და არ აგინებდა, იტანჯებოდა და არ პასუხობდა“ (1 პეტრ. 2, 23)
ჭეშმარიტად! იესო ქრისტეს მოძღვრება არა ძალადობრივი, არამედ თვითგვემამდე დამთმობია. სწორედ ამაშია მისი ძალა და არა ძალმომრეობაში. როგორ შეიძლება წმ. სინოდის წევრს ეს არ ესმოდეს? როგორ შეიძლება ეპისკოპოსი იკვეხნიდეს, რომ მიტროპოლიტ პეტრეს სინოდის სხდომაზე ხელით შეეხო, პანაღია ჩამოაგლიჯა და „სკუფია“ შეუბრუნა? მეტიც, როცა ასეთ ძალადობას სინოდის ათობით წევრი და კათოლიკოს-პატრიარქი რეაგირების გარეშე ტოვებენ, განა ეს სახარებისა და საეკლესიო კანონების ფეხქვეშგათელვას არ ნიშნავს?! რატომ არ მიეცა მთავარეპისკოპოს იაკობ იაკობაშვლს მეორე გაფრთხილება ძალადობის შემდეგ?
წლებია ქართული საზოგადოება სასულიერო იერარქიის მხრიდან თვალს ადევნებს ძალადობრივი ქმედებებისა და სიძულვილის ენის უკიდურესად დასაგმობ ფაქტებს. ყოველი დაუსჯელი შემთხვევის შემდეგ „საეკლესიო ძალადობა“ ახალ ძალას იკრებს. აშკარაა, რომ ამის მიზეზი იერარქთა სათავეშია, რაც დასტურდება კიდეც მიტროპოლიტ პეტრეს ძალადობის მიმართ წმ. სინოდის დუმილით (აღარფერს ვამბობს მეუფე იაკობის ჩვევაში გადასულ სიძულვილისა და ძალადობის შემცველ ლექსიკაზე, მეუფე იობის ეპარქიის სამღვდელოებაზე, მეუფე სიმონ ცაკაშვილთან დაკავშირებულ შემთხვევაზე, მეუფე ანტონზე და. ა .შ.). რასაკვირველია, ასეთი ფაქტები ანადგურებს ეკლესიის რეპუტაციას და აკარგვინებს მას სახარებიესეულ სახეს და საბოლოოდ, აქცევს დაბრკოლების მიზეზად საზოგადოებისთვის.
ნუთუ ასეთ დროს არ უნდა გვაძრწუნებდეს იესო ქრისტეს სიტყვები: „ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ“(მთ. 18, 6).
31.10.2019 წმ. სინოდის სხდომის შესავალ სიტყვაში კათოლიკოს-პატრიარქი ამბობს: „ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას, დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ“.
გეკითხებით – ვინ აძლევს დაბრკოლების საბაბს საზოგადოებას?
II
ჭყონდიდის ეპარქიის ირგვლივ
თემა პირველი
მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის სამღვდელოების წინააღმდეგ
დაპირისპირება მიტროპოლიტ სტეფანესა და ჭყონდიდის სამღვდელოების ნაწილს შორის თავდაპირველად ორი მიზეზით მოხდა:
1. მიტროპოლიტმა სტეფანემ აუკრძალა სამღვდელოებას, დაესვათ შეკითხვები იმ პრობლემაზე, რომელიც მეუფე პეტრეს ბრალდებით გამოჩდა ეკლესიაში. კრების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მეუფე სტეფანე დამამცირებლად და უდიერად მიმართავს მონაზვნებს, რომლებიც ითხოვენ განმარტებას ეპარქიის ახალი მმართველისაგან, თუ როგორ ხედავს იგი მეუფე პეტრეს ბრალდებით გამოწვეული მღელვარების სამართლიან გადაწყვეტას ეპარქიაში. დაეხმარება თუ არა მათ წუხილისა და კითხვების წარდგენაში უმაღლეს საეკლესიო ორგანოსთან (სინოდი!), რადგან მათ აქვთ მნიშვნელოვანი სათქმელი და გააჩნიათ მტკიცებულებები?
სამწუხაროდ, ამ შეკითხვებზე მიტროპოლიტისაგან მხოლოდ არაადეკვატური და გაუგებარი პასუხები ისმის ჩანაწერებში, რაც ამ საუბრების ყველაზე ნიშნეული მონაკვეთია.
2. მეუფე სტეფანემ ბრალი დასდო მეუფე პეტრეს, თითქოს მან დაარღვია უქორწინებლობის საეპისკოპოსო აღთქმა და ჰყავს ეპისკოპოსობაში შვილი, რომელსაც ის უმალავს საზოგადოებას. ამ ბრალდებას მყისიერად მოჰყვა ჭყონდიდის სამღვდელოების მოთხოვნა ბრალის დამტკიცების შესახებ. გარდა ამისა, ბრალდებას მყისიერად გამოეხმაურა მიტროპოლიტი პეტრეც და მოითხოვა დნმ ანალიზის საფუძველზე გაირკვეს ნებისმიერ პირთან მისი იდენტიფიკაცია მამობის დადგენის მიზნით და თუკი ბრალდება არ დადასტურდება, იგივე ბრალით დაისაჯოს ბრალმდებელი, როგორც ამას საეკლესიო კანონები ადგენენ.
სამწუხაროდ, დღემდე ბრალმდებელ მიტროპოლიტ სტეფანეს არ წარმოუდგენია არავითარი სამხილი ბრალის დასამტკიცებლად. ერთადერთი პასუხი მისი მომხრეების მხრიდან არის ის, რომ არც მიტროპოლიტ პეტრეს წარუდგენია სამხილი პატრიარქის წინააღმდეგ. თუმცა, ამ ორ შემთხვევას შორის განსხვავება ცხადზე ცხადია! მიტროპოლიტი პეტრე ითხოვს საეკლესიო სასამართლოს წესით ბრალის დამტკიცების შესაძლებლობას და აცხადებს, რომ მზად არის სამხილების წარდგენისა და ბრალის დამტკიცებისთვის. მიტროპოლიტ სტეფანეს კი დღემდე არ მოუთხოვია საეკლესიო სასამართლო ბრალის დასამტკიცებლად. პირიქით, მის ნაცვლად ამას ითხოვს მიტროპოლიტი პეტრე და მზად არის უპასუხოს ნებისმიერ შეკითხვას მის წინააღმდეგ აგორებული სიცრუის გასაბათილებლად. ამიტომ მიტროპოლიტ სტეფანეს ბრალდება დღემდე ცრუ ბრალად ითვლება.
მიტროპოლიტ სტეფანეს და ყველას, ვინც გააფთრებულ წინააღმდეგობაშია მიტროპოლიტ პეტრეს კანონიერ მოთხოვნებთან, კარგად მოეხსენებათ, მართლაც ვის ჰყავს უკანონო შვილი ეპისკოპოსთა შორის და ვინ ექვემდებარება განკვეთის სასჯელს. ტრულის კანონის მოთხოვნით: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, კერძოდიაკონი, წიგნის მკითხველი, მგალობელი შეუერთდეს ღვთისადმი შეწირულ დედაკაცს (მონოზონი!) განიკვეთოს იგი, როგორც ქრისტეს სძლის განმხრწნელი, ხოლო ერისკაცი უზიარებელ იქნეს“ (ტრულის მე-4კანონი).
თემა მეორე
ძალადობა და მუქარა ჭყონდიდის სამღვდელოების წინააღმდეგ
მოციქულთა 30-ე კანონი:
„თუ ეპისკოპოსმა დაიხმარა საერო მთავრები და მათი შემწეობით დაეპატრონა ეკლესიას, იგი უნდა განიკვეთოს და უზიარებელ იქნეს ისიც და ყველა მისი თანამოზიარეც“.
წარმოდგენილი კანონი კრძალავს ეპისკოპოსის მიერ სამოძღვრო საქმიანობის პროცესში, საჭირო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, საერო ხელისუფალთა ჩართულობას. აღნიშნული აკრძალვის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იერარქთა მხრიდან სამოძღვრო საქმიანობის განხორციელება ხდებოდეს ძალდაუტანებლად, დიალოგსა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული თანხმობით. თუ ამას ეპისკოპოსი ვერ აღწევს, მას არ აქვს უფლება გამოიყენოს საერო ხელისუფალის გავლენა და ავტორიტეტი.
მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ გამართული პირველი შეკრების ჩანაწერიდან ირკვევა, რომ იგი იყენებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს საკუთარი პოზიციების დასაცავად. ახალგაზრდა კაცი კადნიერად იწყებს კანონიკურ სამართლის წესების განმარტებას და წინააღმდეგობას უწევს ადგილობრივ სამღვდელოებას. იგი ამას აკეთებს როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი და ეპარქიის ეპისკოპოსის თვალწინ მოქმედებს უდიერად, ეპისკოპოსზე მინდობილი სამღვვდელოების წინააღმდეგ და ხაზს უსვამს მათზე ძალაუფლებით უპირატესობას, როგორც საერო ხელისუფალი. საეკლესიო საქმეებში სწორედ ასეთ ჩარევას კრძალავს მოციქულთა 30-ე კანონი და მოითხოვს ეპისკოპოსის განკვეთას.
უფრო მეტიც, საზოგადოება მოწმეა ჭყონდიდის ეპარქიაში პოლიციური ძალების არაერთგზის მობილიზებისა, რომელიც მცირერიცხოვანი სასულიერო იერარქიის წინააღმდეგ იყო მომართული. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ადგილობრივ სასულიერო პირს და მის ვაჟიშვილს სცემა მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდამჭერთა ჯგუფმა. ქადაგებაში ამ ძალადობას იკვეხნიდა მიტროპოლიტ სტეფანეს მეგობარი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის დეკანოზი ილია კარკაძე, რომ `ჩემს მრევლში ცნობილი სპორტსმენები არიან და მომავალშიც ასე დავიცავთ მიტროპოლიტ სტეფანესო“. თავად არც მიტროპოლიტ სტეფანეს და არც ერთ ეპისკოპოსს სინოდის წევრებიდან არ დაუგმიათ ძალადობის ეს ამაზრზენი ფაქტი. პირიქით, მთავარეპისკოპოსმა იაკობ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ `მომავალში მათ როგორც ერისკაცებს ისე მოექცევა“.
გეკითხებით, ყოველივე ამის შემდეგ, რა ნდობა უნდა გააჩნდეს ეპარქიის სამღვდელოებას მიტროპოლიტ სტეფანეს მიმართ?
ისევ შეგახსენებთ: „სცემდნენ და ნაცვლად ამისა იგი არ სცემდა, აგინებდნენ და არ აგინებდა, იტანჯებოდა და არ პასუხობდა“ (1პეტრ. 2, 23)
თემა მესამე
მოთხოვნები კანონიკური სასჯელის დადგენისათვის
კართაგენის მე-12 კანონი:
„თუ რომელიმე ეპისკოპოსი კრების მოწვევის დადგენილ დრომდე ბრალდებული იყოს, ასეთი განიკითხოს თორმეტმა ეპისკოპოსმა… მღვდელი – ექვსმა ეპისკოპოსმა და მისმა ეპისკოპოსმა გაასამართლოს, დიაკონი – სამმა“.
კართაგენის მე-12 კანონი იცავს ეკლესიის ერთსულოვნებისა და კრებითობის პრინციპს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, რათა დამოწმდეს სულიწმინდის ჭეშმარიტება მრავალთა თანხმობით. განკვეთა წარმოადგენს ეკლესიის უმკაცრეს სასჯელს შემცოდის წინააღმდეგ, ამიტომ ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება, ერთპიროვნულად გამოიტანოს განკვეთის გადაწყვეტილება. მას მხოლოდ შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მოთხოვნით მიმართოს საეკლესიო სასამართლოს. საეკლესიო სასამართლოზე ექვსმა ეპისკოპოსმა, ბრალის წარმდგენთან ერთად, უნდა იმსჯელოს მართლზომიერ მსჯავრზე შემცოდის სულიერი მდგომარეობის სასარგებლოდ.
ასეთია ეკლესიის წმინდა სამართლებრივი ტრადიცია და მამათა დამოკიდებულება ეკლესიის წევრების მიმართ: „რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა“ (1 კორნთ. 6, 20).
მეუფე პეტრე.