ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები სრულდება – აღნიშნულ ობიექტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ბოლო ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ბაგების დასახლებისა და ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დავასრულეთ, რომელიც ხიდის მშენებლობით შემოიფარგლებოდა. დღეს უკვე ბაგების დასახლება უნივერსიტეტის ქუჩას აღნიშნული საავტომობილო ხიდით უკავშირდება, რაც ძალიან კომფორტულია. ამ პროექტის გათვალისწინებით კი, გვეძლევა შესაძლებლობა, აღნიშნული გვირაბით, პირდაპირ ბაგებიდან, ახალაშენებული ხიდით, დავუკავშირდეთ ქავთარაძის ქუჩას, რაც, რა თქმა უნდა, განტვირთავს მოძრაობას, გადანაწილდება საავტომობილო ნაკადები, გათავისუფლდება უნივერსიტეტის ქუჩა და მოქალაქეებს არ მოუწევთ წრეზე სიარული. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი და გაფართოვდა შავიშვილის ქუჩა. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება და აღნიშნული გვირაბის გამოყენება შესაძლებელი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, მშენებარე გვირაბიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩამდე არსებული, შავიშვილის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება. ტერიტორიაზე ეწყობა სანიაღვრე სისტემა, მიმდინარეობს რკინაბეტონის საყრდენი კედლების მშენებლობა და საჰაერო სადენების მიწისქვეშა კაბელ-არხებში გადატანა. ასევე, დაგეგმილია გარე განათების ქსელის მოწყობა და LED სანათების მონტაჟი.
პროექტს, რომლის დასრულების შემდეგაც, უნივერსიტეტის ქუჩიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ახლად მოწყობილ გვირაბში ავტოტრანსპორტი ორმხრივად, თითო ზოლში თითო მიმართულებით იმოძრავებს.




















