უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მსურველთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. განაცხადების შეტანა 18:00 საათზე შეწყდა. კომისიაში შესულია ხუთი კანდიდატის განცხადება, თუმცა თავდაპირველად იყო შვიდი კანდიდატი. კომისიის გადაწყვეტილებით ორმა მათგანმა-ინესა მერაბიშვილმა და მერაბ ელიაშვილმა ვერ დააკმაყოფილეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონით დადგენილი ნორმა ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით. არჩევნები 20 აპრილს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გამოვლინდება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

„დღეს დღის პირველ ნახევარის ჩათვლით ჩვენ მიღებული გვქონდა მხოლოდ ოთხი განაცხადი. ამ ოთხი განაცხადიდან საარჩევნო კომისიამ ორ პიროვნებას ასაკობრივი ცენზის გამო უთხრა უარი კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნაზე, ხოლო დანარჩენი ორი დაარეგისტრირა კანდიდატად. დღის მეორე ნახევარში კანცელარიამ მიიღო კიდევ სამი განაცხადი. კენჭისყრა დანიშნულია 20 აპრილს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კომისიას შედეგების დათვლისთვის და გამოქვეყნებისთვის დადგენილი აქვს 24 საათიანი ვადა,“-განაცხადა სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მდივანმა დემეტრე ეგნატიშვილმა.

კანდიდატების განცხადებით, მათი მთავარი პრიორიტეტი  უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებისთვის მომზადება იქნება. კანდიდატები ასევე ამბობენ, რომ  მნიშვნელოვანია მოხდეს უნივერსიტეტის ავტონომიისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„გადასახედია ჩვენი მიდგომა ავტონომიის მიმართ. აქამდე ავტონომია ჩვენთან გაგებული იყო, როგორც ერთგვარი ფეოდალური შეუვალობა. ვინც იყო უფროსი მას ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ის, რაც მიაჩნდა საჭიროდ. მე მგონია, რომ ჩვენ პირიქით უნდა გავაკეთოთ, ავტონომია უნდა დაეფუძნოს სტუდენტის და რექტორის აკადემიურ თავისუფლებას,“-განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან გორდეზიანმა.

banner
წინა სტატიაში“ეს შორიდან ჩანს როგორც პოლიტიკური თამაში,”- ხუხაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის თარიღზე საუბრობს
შემდეგი სტატია“მიუღებელია ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება საქმის მიმართ,” -ალასანია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე