უნივერსალური ნარკოტიკი – ალკოჰოლი – ეროვნული პრობლემა

ჯერ კიდევ 1888 წ. გზეთი „ივერია“ (N111) წერდა: „მკურნალი ლოთობას ისე უცქერის, როგორც ავადმყოფობას, რომელიც ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანზე; ფსიქოლოგისათვის, ანუ ადამიანის სულის ვითარების მკვლევარისათვის, ლოთობა ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანის ნება და სურვილი სუსტდება და აღარა მოქმედობს; ზნეობის მოძღვრისათვის ლოთობა სენია, რომელიც ჰრყვნის ადამიანის ზნეობასა და დედაა ყოველის ბოროტებისა; სოციოლოგოსისა და ეკონომისტისათვის ლოთობა მავნებელი ჩვეულებაა ერისა, ისეთი მავნებელი ჩვეულება, რომელსაც მოსდევს ფლანგვა სიმდიდრისა და, რომელიც ძირს უფხვრის ერის წარმოებასა და ნაყოფიერს შრომას. დასასრულ, ლოთობა ანუ სასმელების ხმარება, სახელმწიფო ხაზინისათვის სასარგებლოა და, როგორც ვიცით, დიდის შემოსავალის მომცემია“. მემთვრალეობა ყოველთვის პრობლემა იყო ღვინის სამშობლოში, ამიტომაც უთქვამს ქართველ კაცს: ღვინო საღმრთო საქმეა, ხოლო სიმთვრალე – ეშმაკისაო. არადა, თავად ღვინო  დიდი  სიკეთის მომტანია, თუ მას არ ვაქცევთ ბოროტებად. ღვინით აღესრულება ცხონების საიდუმლო ზიარება, იგი ქრისტეს სისხლის სიმბოლოა. ფსალმუნში წერია: „ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა“, ხოლო პავლე მოციქული გვაფრთხილებს: ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე.

ეკლესიის დიდი მამა – წმინდა იოანე ოქროპირი თავის ქადაგებაში მემთვრალეობის შესახებ განმარტავს, რომ ღვინის სმას არ მიეწერება ყველა ბოროტება, რომ ლოთობაში, როგორც უმძიმეს ცოდვაში, დამნაშავეა ურჯულოებისკენ მიდრეკილი და გარყვნილი ნება. არადა, ბიბლია პირდაპირ ასე განაჩინებს: „მემთვრალეთა…  სასუფეველი ღვთისა ვერა დაიმკვიდრონ.“

მე-19 საუკკუნის პრესაში ბევრი იწერებოდა ქართველთა ამ სენის შესახებ. ალბათ, ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ჩვენი სიყვარული გადაჭარბებული ჭამა-სმის მიმართ, მაგრამ ერთ-ერთი გადამწყვეტი მაინც დამონებული ადამიანის ფსიქიკაშია საძიებელი: ერი მოდუნდა, ფუნქცია დაკარგა, ტრადიციები გააყალბა. ამის შედეგია ისიც, რომ დღესაც კი მთლად კარგ ტონად არ ითვლება, სუფრაში თუ არ დალევ და არ აჰყვები თამადის „მჭევრმეტყველებას“. თავის დროზე აკაკი წერეთელი წერდა: „ტოლუმბაში ცდილობს, ყველას გრძნობა-გონება დააკარგვინოს ღვინის საშალებით, დაავიწყოს ყველაფერი და მიტომაც აძალებს ღვინოს“. სუფრასთან ღვინის დაძალების ფსევდოტრადიცია დღესაც მძლავრობს, განსაკუთრებით – პერიფერიებში. ამასთანავე, მძიმე ფონად ისიც გვყოფნის, რომ საზღვარგარეთ საშოვარს გადაგებული ქართველი ქალები საარსებო თანხებს უგზავნიან აქ დარჩენილ ოჯახებს. მათი მეუღლეები კი, სპორტულ რეიტუზებში გამოწყობილი, დგანან სოფლის ბირჟაზე და არყის ჭიქებით სპონსორი ცოლებისა და საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ (ცალკე თავსატეხია, რას სვამენ, როგორ დამზადებულ არაყსა თუ ღვინოს, სინამდვილეში – შხამს).

ალკოჰოლიზმი დამოკიდებულების სინდრომია და, როგორც ყველა სხვა ტიპის დამოკიდებულება, ისიც პათოლოგიაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. რატომ? – ნარკოლოგები ასე განსაზღვრავენ მის მავნე შედეგებს:

  1. ალკოჰოლზე დამოკიდებულება მიეკუთვნება ფსიქიკური აშლილობის სპექტრს და მისი ზემოქმედების შედეგად სუსტდება თავის ტვინის ფუნქციური უნარები. იწყება ემოციური ფონის დისბალანსი, გუნება-განწყობის მერყეობა, რთულდება ემოციათა მართვა. რადგანაც ალკოჰოლი აზიანებს თავის ტვინის ქერქს, ავტომატურად ჩნდება პრობლემები ლოგიკურ აზროვნებაზე, მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, დასწავლის უნარზე. ხშირია ძილის ფუნქციის დარღვევა… რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, თავის ტვინის ტომოგრაფიული კვლევები ადასტურებს, რომ ლოთის ტვინის მასა მცირდება, ნერვული უჯრედები იჭმუხნება.

 

  1. გაბმული სმა იწვევს B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს, რაც ალკოჰოლური თეთრი ცხელების ერთ-ერთი მიზეზია.

 

  1. ლოთობას ადამიანი ალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის ჩამოყალიბებამდე, ალკოჰოლურ ჰეპატიტამდე, საბოლოოდ კი ფიბროზამდე და ციროზამდე მიჰყავს.

 

  1. ალკოჰოლი, ნიკოტინთან ერთად, არტერიული ჰიპერტენზიისა და იშემიის ერთ-ერთი რისკფაქტორია, ამიტომ მის მომხმარებელთა შორის ხშირია როგორც მაღალი წნევა, ისე ინფარქტი, ინსულტი.

 

  1. ალკოჰოლი მავნედ მოქმედებს თირკმელებზე, პანკრეასზე – ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევათა დიდი ნაწილი სწორედ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას უკავშირდება.

 

  1. ალკოჰოლის ჭარბი მიღება ზრდის ისეთი სიმსივნური დაავადებების რისკს, როგორებიცაა პირის ღრუს, საყლაპავის, ხორხის, ღვიძლის, ძუძუს კიბო.

 

  1. ალკოჰოლის მოხმარების ფონზე მკვეთრად სუსტდება იმუნური სისტემა, რაც ხელს უწყობს მძიმე ინფექციური დაავადებების, მათ შორის – ტუბერკულოზის განვითარებას.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ყველაზე მძიმე მაინც ის სოციალური პრობლემაა, რომელიც თან სდევს ლოთობას. საქართველოში ბნელი და კატასტროფული მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან მოკიდებული უფრო გამწვავდა ალკოჰოლზე დამოკიდებულების სინდრომი. ამის კვალობაზე ინგრევა ოჯახები და ისინიც კი, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაინც ინარჩუნებენ „ოჯახურ იდილიას“, ძალადობის მსხვერპლად არიან ქცეული. მახინჯდება ჩვენი მომავალი თაობა, ითრგუნებიან ბავშვები, როცა მუდმივად შეჰყურებენ ლოთ, ფუნქცია და სახედაკარგულ მამას, პირისპირ ეჩეხებიან ჩხუბს, უსიამოვნებას, უთანხმოებას, სიძულვილს მშობლებს შორის… საშველი კი არასად ჩანს!

რამდენი დედაა გამწარებული, ფიქრში, დარდსა და ტკივილში ჩარჩენილი (ხშირად თავადაც შეურაცხყოფილი და მსხვერპლი) იმის გამო, რომ შვილი ლოთი ჰყავს; რამდენი ატირებული ცოლი, დათრგუნული და ბავშვობადაკარგული გვინახავს იმის გამო, რომ ოჯახში ლოთის დიქტატურაა… აღარ მინდა ვისაუბრო ამით გამოწვეულ შორს წასულ შდეგებსა და პერსპექტივაში, ფაქტობრივად, ტრავმირებულ თაობაზე.

ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო დიდი კამპანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. ბევრი რამ ითქვა და დაიწერა კიდეც, მაგრამ აშკარად და ღიად  არავინ საუბრობს ამ სენზე. ლოთი (თუ ალკოჰოლზე დამოკიდებულის სინდრომით შეპყრობილი), აპრიორულად, არის ძალადობის რისკფაქტორი ნებისმიერ ოჯახში, რადგან ასეთის არსებობა უკვე იწვევს უკმაყოფილებას, კონფლიქტს, უსიამოვნებას, მინიმუმ ფსიქოლოგიურ ძალადობას (აღარაფერს ვამბობს სხვა ტიპის ძალადობაზე).

ლოთობა, რომლის გამოწვევი მიზეზი შესაძლოა ღრმა დეპრესიაც იყოს (გარდა გენეტიკურისა, ბავშვობაში გადატანილი სტრესებისა, აღზრდის თავისებურებისა, გარემო ობიექტური ფაქტორებისა), საჭიროებს მკურნალობას. რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს საიმისოდ, რომ შეაჩეროს ნებაყოფლობითი თვითმკვლელობა?! საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად გაუქმდა იძულებითი მკურნალობაც, პოლიციის ძალით გამოსაფხიზლებელში გადაყვანა და მისთან. სახელმწიფომ სრული თავისუფლება მისცა ადამიანს, ლოთობის პრობლემის პირისპირ დატოვა ოჯახი და გასწირა თავად ალკოჰოლზე დამოკიდებულიც.

დიდი ხანია, არაეფექტურია უბნის ინსპექტორის ფუნქცია ქვეყანაში. სოფლებსა თუ ქალაქებში  ლოთობით ამდენი გაუბედურებული ადამიანი და ოჯახია და ვინმე გრძნობს უბნის ინსპექტორის (შესაბამისად, სახელმწიფოს) ძალას?!  რატომ ხდება პოლიციის გამოძახება აუცილებელი ოჯახური ძალადობის დროს, თუ არსებობენ ეფექტურად მომუშავე ინსპექტორებიც?! მაინცდამაინც საპატრულო ეკიპაჟმა უნდა ჩაუქროლოს უბნებსა და დასახლებებს?! იქნებ, უბნის ინსპექტორის ვიზიტი, მეტი კომუნიკაცია, საუბრები ოჯახის წევრებთან, სიტყვიერი გაფრთხილება ან ხელწერილი  ალკოჰოლიზმთან ბრძლის ერთი საიმედო საშუალებაც იყოს, მით უფრო მაშინ, როცა ვერ ხერხდება ლოთის ექიმამდე მიყვანა, როცა ის არაა თანახმა (არ თვლის საჭიროდ), იმკურნალოს.

ითქვა, რომ უბნის ინსპექტორებს „თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ზედამხედველობა და სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება დაევალებათ. უბნის ინსპექტორებს ასევე დაევალებათ არა მარტო კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება, არამედ კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და საერთო ანალიზი“. შსს – ში არ მეგულება უფრო არაეფექტური რგოლი. რაიონებში, სოფლებში, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მანცდამაინც ოჯახის წევრთა მითითებით უნდა იმოქმედოს ინსპექტორმა? არადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურების შესახებ ნსტრუქციის მე-12 მუხლში, უბნის ინსპექტორი ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვკითხულობთ:

ა) განსაზღვრავს სპირტიანი სასმელების მომხმარების ნიადაგზე მომხდარი სამართალდარღვევების გავლენას სამოქმედო ტერიტორიის ოპერატიულ ვითარებაზე, ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით აღკვეთს საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმას ან ასეთ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტებს, სამართალდამრღვევთა მიმართ ატარებს პროფილაქტიკური ხასიათის ღონისძიებებს;

) სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახორციელებს ანტიალკოჰოლურ პროპაგანდას არასრულწლოვნებში სპირტიანი სასმელების მომხმარების აღსაკვეთად;

) ალკოჰოლიზმში შემჩნეულ პირებთან ეწევა პროფილაქტიკურ მუშაობას, რა დროსაც იგი ვალდებულია:

.) დადგენილი წესით აცნობოს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებს იმ პირის შესახებ, რომელიც სისტემატურად ლოთობს;

) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ ოჯახებს, სადაც ცხოვრობენ ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებული პირები და ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები.

მოსახლეობა გაიხსენებს ერთ ფაქტს მაინც, რომ უბნის ინსპექტორს ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პუნქტი აღესრულებინოს?! საინტერესოა, რა სტატისტიკა არსებობს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში იმ პირთა  შესახებ, რომელთა მკურნალობაც პოლიციელმა მოითხოვა ან რას გულისხმობს ის განსაკუთრებული ყურადღება, ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებსა და მათს ოჯახებს რომ უნდა მიაქციოს?! უბნის ინსპექტორი არ ნიშნავს დამსჯელს, დამწიოკებელს, ეგზეკუციაზე ჩამომვლელს. მისი ფუნქცია უფრო ჰუმანურია და საერთო თანხმობას, პრობლემათა გადაწყვეტას, სიმშვიდესა და წესრიგს გულისხმობს, ამიტომ ყოველთვის მჭიდრო უნდა იყოს ურთიერთობა ადამიანებთან. დღეს სრული გაუცხოებაა მოსახლეობასა და ინსპექტორს შორის. როგორც ჩანს, ამ ინსტიტუციას სერიოზული რეფორმირება სჭირდება.

ლოთი, უპირველესად, თვითმკვლელია, რადგან ის უკვე ნებაყოფლობით აცხადებს უარს ჯანსაღ ცხოვრებაზე და ხშირად გვერდითი თანმხლები უამრავი დაავადების ფონზე (დიაბეტი, გულ-სისხლ ძარღვთა პათოლოგიები, ჰიპერტონია, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები…) მაინც სვამს და არც აპირებს რამეს შეცვლას პირადს ცხოვრებაში. ასეთისთვის უკვე მნიშვნელობა არა აქვს არც ოჯახს, არც შვილებს… არავის! მთავარია, დალევის შედეგად მიღებული სიამოვნება გაიხანგრძლივოს და ამ გზით, ამ ფორმით გაექცეს საკუთარ თავს, სინამდვილეს… არ ვუშველოთ?! არ გადავარჩინოთ?! არ ვაიძულოთ ასეთ პირებს მკურნალობა?!

იქნებ დადგა დრო, სახელმწიფომ იფიქროს ჩვენს ერთიან ეროვნულ პრობლემაზე – როგორმე მოუაროს არა მხოლოდ ოჯახში ძალადობას, არამედ სასიკვდილოდ თავგამეტებულ ამდენ ლოთს, ამდენ გზადაკარგულ ადამიანს. ნარკოტიკზე დამოკიდებულება ხომ დიდი სენია, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებულების სინდრომი გაცილებით უფრო გახშირებული და არანაკლებ საშიში მოვლენაა, რომლის გამოც ღირს ზარების დარისხება!!!

ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა  (ლუკ. 21, 34) – ვკითხულობთ სახარებაში. სასურველია, ლოთობით გულდამძიმებულ საქართველოში შესაბამისმა სამინისტროებმა ერთობლივი პროგრამები განახორციელონ და ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანთა მკურნალობის დაფინანსება შესაძლებელი გახდეს. იქნებ, ამანაც შეუწყოს ხელი საკითხის გადაჭრას, ათასობით ჩვენი თანამემამულის ფიზიკურ გადარჩენასა და ოჯახებში სიმშვიდისა და ბედნიერების დასადგურებას!

საბა მეტრეველი

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების თავხედობა იქამდე მივიდა, რომ პრემიერი დადებითად აფასებს ლარის გაუფასურებას”
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქოს „საყოველთაო ჯვირსწერების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს