UNICEF ქვეყნებს სკოლების რაც შეიძლება მალე გახსნისკენ მოუწოდებს

გაერო-ს ბავშვთა ფონდი UNICEF მოუწოდებს ქვეყნებს, სკოლებში სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე აღადგინონ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მსოფლიოს 17 ქვეყანაში სკოლები სრულად, ხოლო 39 სახელმწიფოში ნაწილობრივ დახურულია. ამის შესახებ ნათქვამია იუნისეფის მიერ 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სკოლები სრულად არის დახურული, 77 მილიონი მოსწავლეა აღრიცხული. ამ ქვეყნებს შორისაა ფილიპინები, ბანგლადეში, ვენესუელა, საუდის არაბეთი, პანამა, ქუვეითი.

„განათლების კრიზისი არსად გამქრალა. იმ პირობებში კი, როდესაც საკლასო ოთახების ნაწილი კვლავ ჩაბნელებულია, კატასტროფული მდგომარეობა უარესდება“, – აცხადებს იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორე.

იუნისეფის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პედაგოგების აცრა ყველა ქვეყანამ პრიორიტეტად უნდა აქციოს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მოსწავლეები შესაძლოა, უფრო უსაფრთხოდ იყვნენ სახლებში, თუმცა კომპიუტერებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და განათლების ხარისხი მთავარ გამოწვევად რჩება.

banner
წინა სტატიაშისამინისტრო – ქართული მხარე გამოიყენებს ყველა ბერკეტს ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების დასაცავად
შემდეგი სტატიაკატეგორიულად მიუღებელია – გახარია “მთავარი არხის” ოპერატორზე თავდასხმას ეხმაურება